მეორე დღეა, მარინ ლე პენის სახელსა და გვარს ყველაზე მეტად განიხილავენ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპაში. მიზეზი ფრანგული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებაა, რომლითაც ევროპარლამენტის ფონდების გაფლანგვის გამო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება, შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. შეზღუდვა 5-წლიანია.
„ჩვენ ამას ველოდით და ამის იმედიც გვქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სასამართლომ ეს ვერდიქტი გამოიტანა. არ არსებობდა მიზეზი, რომ ასე არ მოქცეულიყო, როგორც ეს სხვებთან მიმართებით გაკეთდა”.
„შოკისმომგვრელია. ის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, მაგრამ არსებობს ჯორდან ბარდელლა, ვნახოთ”.
„ეს ჰგავს იმას, რაც რუმინეთში ხდება. გაკვირვებული ვარ, რადგან მოსამართლეებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ დამოუკიდებლები და ძლიერები არიან, ამავდროულად გასაოცარია, რომ მოსამართლეს შეუძლია იმის გადაწყვეტა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ვინ არა”, – აღნიშნავენ საფრანგეთის მოქალაქეები.
სასამართლოს მიმართ პრეტენზიები პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ” მალევე გამოხატა და გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა. მარინ ლე პენის განმარტებით, ამ გზით მოწინააღმდეგე ძალები მას 2027 წლის არჩევნებში გამარჯვებაში უშლიან ხელს. რადიკალ-მემარჯვენე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ ის განიხილებოდა, როგორც ეს 2012, 2017 და 2022 წლებში იყო. თუმცა, ამჯერად, ევროპაში არსებული კონსერვატიული ტენდენციების გათვალისწინებით გამოკითხვები მას მეტ წარმატებას ჰპირდებოდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ტურში.
„სისტემამ ატომური ბომბი მოქმედებაში მოიყვანა და თუ ის ჩვენ წინააღმდეგ ამ სიძლიერის იარაღს იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არჩევნებში გამარჯვების შანსები გვაქვს. ყველაფერი რასაც ცდილობენ უშედეგოა, რის გამოც შესაძლოა სხვა გზებსაც მიმართონ. მათ სკანდალური მანევრით მოგვპარეს არჩევნები, ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას ფრანგებს საპრეზიდენტო არჩევნები მოსტაცონ. ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ფრანგი ხალხის უფლებას, რომ ხმა მისცენ მათ, ვისაც სურთ. ქვეყანა უხვევს მისი პრინციპებიდან, ღირებულებებიდან და ვინც დღეს კანონის უზენაესობაზე საუბრობს, რეალურად ისაა, ვინც არღვევს მას. თუ პოლიტიკური ლიდერების მოსამართლეები გადაწყვეტენ, ვის მისცეს, ან არ მისცეს ხმა ფრანგმა ხალხი, ეს აღარაა დემოკრატია. ჩვენ მშვიდი და დემოკრატიული გზით დავიცავთ ჩვენს უფლებებს“, – აღნიშნა ულტრამემარჯვენე ლიდერმა მარი ლე პენმა.
Des millions de Français sont indignés, et notre rôle est de permettre aux Français en colère de s’exprimer pacifiquement contre une décision d’injustice.
On les prive de leur candidate à l’élection présidentielle ! pic.twitter.com/CWuLbj2dcv
— Jordan Bardella (@J_Bardella) April 1, 2025
საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საერთაშორისო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც „ეროვნული გაერთიანების” 20-მდე წევრს ბრალი დასდეს ევროპული პარლამენტის სახსრების ბოროტად გამოყენებაში – შიდა პარტიული მიზნებისთვის. ამ მიზეზით პოლიტიკოსს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ 2 წელი პირობით სასჯელად, 2 კი შიდა პატიმრობად განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსი პარლამენტში ადგილს შეინარჩუნებს, რადგან სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე ძალაში ვერ შევა. ამას კი შესაძლოა წლებიც დასჭირდეს. ამიტომ ულტრამემარჯვენე პარტია მთავარ დარტყმას, სწორედ საარჩევნო შეზღუდვას, განიხილავს. თუმცა რადიკალური შეხედულებების პარტიის ლიდერმა ალტერნატიულ გეგმაზე უკვე იფიქრა. მისი სახელი ჯორდან ბარდელაა. ლე პენის ნაცვლად „ეროვნული გაერთიანების” საარჩევნო ბანერებს სავარაუდოდ სწორედ ის დაამშვენებს.
„ახლა არ არის უკან დახევის დრო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეგვიშლის პოლიტიკურ საქმიანობაში, მილიონობით ფრანგის მოლოდინების გამართლებაში, ისინი არა მხოლოდ ცუდად გვიცნობენ, არამედ ცუდად იცნობენ მარინ ლე პენს. ვფიქრობ, რაც ხდება, სამარცხვინოა საფრანგეთისთვის და ახდენს მის დისკრედიტაციას, როგორც ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ორიენტირებული რეპუტაციის მქონე ქვეყნისა. რას გააკეთებს ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ევროპული კომისია თუ უნგრეთში ვიქტორ ორბანი სასამართლოს აუკრძალავს მთავარი ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას არჩევნებში? ვფიქრობ, ევროკომისია დაიწყებს გამოძიებას და დაემუქრებოდა უნგრეთს, კანონის უზენაესობაზე თავდასხმის გამო”, – აღნიშნა ბარდელამ პრესკონფერენციაზე.
Je suis Marine! @MLP_officiel
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 31, 2025
„მე ვარ მარინი” – ასე გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს ვიქტორ ორბანი, მის სოლიდარობას ლე პენის მიმართ იზიარებენ სხვა მემარჯვენე პარტიები ევროპაში, რომლებიც ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. სახლში კი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებენ, შეიწყალოს ლე პენი, რათა მან მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს. თუმცა თავად ლე პენი აცხადებს, რომ მაკრონისთვის შეწყალების თხოვნას არ აპირებს. თავად პრეზიდენტს სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები ჯერ არ გაუკეთებია..