30 მარტს ბრიტანეთში საათმა ერთი საათით წინ გადაიწია. ბევრისთვის, შესაძლოა, ეს ცვლილება ზედმეტი თავის ტკივილი იყოს, თუმცა ლონდონის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ბიგ ბენის საათის ტექნიკოსებისთვის, ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
ელისაბედის კოშკის თავზე განთავსებული დიდი ზომის საათის გადატვირთვისთვის სხვადასხვა პროცედურაა საჭირო.
თავდაპირველად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის ერთ ბოლოში გუნდმა ციფერბლატის განათება, შემდეგ კი ის მექანიზმი უნდა გათიშოს, რომელიც ზარს რეკავს. შემდეგ კი ტექნიკოსები სწრაფად ატრიალებენ ციფერბლატს, რათა დრო ერთი საათით გადაწიონ.
„ვთიშავთ განათებას, შემდგომ ისრების მექანიზმს იმისთვის, რათა ზარებმა ხმა არ გამოსცეს. შემდეგ ციფერბლატზე დროს სწრაფად ვცვლით. სანამ ორი საათი დადგება, განათებას ისევ ვრთავთ, ხელახლა ვრთავთ მექანიზმსაც და ამრიგად, ორ საათზე კვლავ ყველა გაიგონებს ზარების რეკვას. პრინციპში, მარტივია“, – ამბობს იან ვესტვორთი, მთავარი მესაათე.
იან ვესტვორთის თქმით, ხალხს უყვარს კოშკის მწვერვალზე ცნობილი ზარების ახლოდან ნახვა. ის ამბობს, რომ სანახაობა მაყურებლისთვის ხშიად სიცილის, ცრემლებისა და აღფრთოვანების გამომწვევი ხდება.