“ხმა ჩვენკენ მოდიოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ რაღაც ქუჩაში ჩვენ მოგვსდევდა” – სერბეთის მოქალაქეებმა ამ დრომდე არ იციან რა აკუსტიკური იარაღი გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრაციის დასაშლელად.
2025 წლის 15 მარტს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული მასობრივი ანტისამთავრობო აქციის დროს შემაშფოთებელი ხმა გაისმა, რამაც დემონსტრანტებში პანიკა გამოიწვია. მონაწილეების თქმით, ხმა სტვენას ჰგავდა და დაახლოებით ორი-სამი წამი გაგრძელდა. ხალხი ტროტუარებისკენ გაიქცა და უსაფრთხო ადგილს ეძებდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა აკუსტიკური იარაღი, რომელიც არალეგალურია სერბეთში. ამ იარაღის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურის ტკივილი, სმენის დაზიანება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. მათ განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და შიდა სასამართლოებში სარჩელს შეიტანენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ, სამხედროებმა ან უსაფრთხოების სამსახურებმა, რომლებიც ავტორიტარ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის კონტროლქვეშ არიან, გამოიყენეს აკუსტიკური იარაღი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
„უცებ, ტერაზიეს ქუჩიდან გავიგონეთ ხმა, სტვენის მსგავსი. ხალხი სწრაფად გაიქცა ტროტუარებისკენ. მათ ეგონათ, რომ რაღაც მოემართებოდა მათკენ. 30 წელია საპროტესტო აქციებზე დავდივარ და მსგავსი ხმა არასოდეს გამიგია. ეს სტვენას ჰგავდა, თითქოს უხილავი ბურთი გორდებოდა ჩვენკენ. დაახლოებით ორი-სამი წამი გაგრძელდა. ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა“, – აცხადებს ბელგრადის მცხოვრები ივანა ილიჩ სუნდერიჩი.
ასობით სხვა მონაწილეც იმავეს ჰყვება. ეს ფაქტი ბევრ კითხვას აჩენს. მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ, სამხედროებმა ან უსაფრთხოების სამსახურებმა, რომლებიც ავტორიტარ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის კონტროლქვეშ არიან, გამოიყენეს აკუსტიკური იარაღი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
„ისეთი ხმა იყო, ძლიერი ქარის დროს რომ არის ან თვითმფრინავი რომ გადაიფრენს ხოლმე. ამას მოჰყვა პანიკა, ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა, ჩემ გვერდით ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ფეხიც კი მოიტეხა“, – აცხადებს სტუდენტი საშა ცვრკოვიჩი.
სერბეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდა, გამოიძიონ ინციდენტი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მთავრობას ბრალი არ მიუძღვის.
„სიმართლე ისაა, რომ აქციაზე აკუსტიკური იარაღი არ გამოყენებულა ჩვენი ხალხის, ჩვენი მომიტინგეების წინააღმდეგ . წერტილი. თუ აღმოჩნდება, რომ ეს მართალია, მე აღარ ვიქნები პრეზიდენტი“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩიც იმავეს ამტკიცებს, რასაც ალექსნდარ ვუჩიჩი. მისი თქმით, სერბი სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება. ოპოზიცია და უფლებადამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება, რათა დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში 15 მარტის აქციის დროს.