მთავარიმსოფლიოევროპაემანუელ მაკრონი: „საუკეთესოს იმედი გვაქვს, მაგრამ ყველაზე ცუდისთვის ვემზადებით”

ემანუელ მაკრონი: „საუკეთესოს იმედი გვაქვს, მაგრამ ყველაზე ცუდისთვის ვემზადებით”

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ელისეს სასახლეში ჩატარებულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე ევროპელი ლიდერები უკრაინაში საერთო ევროპული კონტინგენტის გაგზავნაზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა ემანუელ მაკრონის განმარტებით, იქ რამდენიმე ქვეყნის სამხედროები მაინც ჩავლენ.

უკრაინაში ჯარების გაგზავნა 27 მარტს, პარიზში გამართული სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო. სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრო.

უსაფრთხოების გარანტიად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები უკრაინაში ევროპული კონტინგენტის გაგზავნას განიხილავდნენ. მათი თქმით, უკრაინის მნიშვნელოვან ქალაქებსა და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზე ევროპული ძალების განლაგება რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი განმარტავს იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც ევროპელი ჯარისკაცები უკრაინაში განლაგდებიან.

“ეს კონტინგენტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ფრანგულ-ბრიტანული განხილვის საგანი იყო, არ უნდა გავაიგივოთ სამშვიდობოებთან, მე გუშინ თქვენს ერთ-ერთ კოლეგას ამ საკითხზე უკვე ვუპასუხე. ეს ძალები არ იქნებიან ფრონტის წინა ხაზზე და ისინი არ ჩაანაცვლებენ უკრაინელ სამხედროებს, თუმცა ეს კონტინგენტი ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნებიდან იქნება, რადგან ამ საკითხზე ერთსულოვნება არაა. ზოგიერთ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს, ზოგსაც ამის გაკეთების საშუალებას პოლიტიკური კონტექსტი ან შეთანხმება არ აძლევს, მაგრამ ეს ძალები შესაძლოა იყვნენ გარკვეულ სტრატეგიულ ადგილებზე, რომლებიც უკრაინელებთან წინასწარ იქნება შეთანხმებული და უზრუნველყოფს ევროპელთა გრძელვადიან მხარდაჭერას ისევე, როგორც ეს იქნება პოტენციური შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას მოსკოვი ეწინააღმდეგება.

უკრაინაში კონტინგენტის გაგზავნის იდეას არც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწონებს. ამასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი აქვს, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება.

„საუკეთესოს იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ ყველაზე ცუდისთვის მოემზადოთ. ამრიგად, ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები გვერდით დაგვიდგებიან. მსურს, რომ ამერიკელებმა მხარი დაგვიჭირონ ან თუნდაც აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, რადგან ეს კარგია ევროპელი მოკავშირეებისთვის, ნატოსთვისა და ყველა ჩვენგანისთვის. თუმცა მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა არ შემოგვიერთდეს. ორივე სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვერ ვიტყვით, რომ თუ ამერიკელები არ შემოგვიერთდებიან, არაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ამერიკელების გარეშე არ შეიძლება იყოს მყარი, გრძელვადიანი მშვიდობა. ამიტომაც გითხარით რამდენიმე კვირის წინ, რომ ვიმყოფებით ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ უნდა მოვემზადოთ იმ სცენარისთვის, რომელიც შესაძლებელია, მაგრამ არ გვსურს. ამისთვის სრულიად მარტო უნდა ვიმოქმედოთ, საკუთარი თავისთვის“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

კონტინგენტის გაგზავნისგან განსხვავებით, ევროპელმა ლიდერებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება – უარი თქვან რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე.

ემანუელ მაკრონი და გერმანიის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებენ, რომ ამ ვითარებაში სანქციების მოხსნა შეცდომა იქნება.

“სანქციების შეჩერება სერიოზული შეცდომა იქნება. სანქციები უნდა გაგრძელდეს და მომავალში გაფართოვდეს. ევროპასა და აშშ-ს უნდა ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია უკრაინის სამომავლო მხარდაჭერაზე. არ აქვს აზრი სანქციების დასრულებას ვიდრე მშვიდობა არაა მიღწეული. სამწუხაროდ ამჟამად მისგან შორს ვართ. ჩვენ ვიხილეთ თუ სადამდე  მივიდა მოლაპარაკებები. დასრულების შემდეგ რუსეთი ყოველ ჯერზე ახალი პირობით გამოდის, ამისგან კი ძალიან ნათელი დასკვნა გამომდინარეობს, რომ რუსეთი ამჟამად არ არის დაინტერესებული რეალური მშვიდობით. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას. ეს მოემსახურება უკეთეს შესაძლებლობას უკრაინისთვის, რაც მთავარია სამართლიან მშვიდობას “, – ამბობს გერმანიის მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი.

დელეგაციებმა უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ვალდებულება იკისრეს. კერძოდ, საფრანგეთი უკრაინისთვის 2 მილიარდი ევროს დახმარებას გამოყოფს, რაც მოიცავს მსუბუქ ტანკებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსაც. ე

მანუელ მაკრონმა რამდენჯერმე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ უკრაინის არმიის გაძლიერება პრიორიტეტულია, რადგან სწორედ ეს არმიაა კოლექტიური უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი.

სამიტის მიმდინარეობის პარალელურად, საოკუპაციო ძალები თავს ესხმოდნენ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს. რუსული უპილოტოების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოცი კი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend