რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, რომელიც ულტრანაციონალისტ კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ ჯორჯესკუს მხარდამჭერთა მორიგი პროტესტი გამოიწვია.
„ახლა უკვე ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და რუმინეთის კანონმდებლობის თანახმად, ვერ გაუქმდება. ამან ჯორჯესკუს პოლიტიკურ მოკავშირეებს შესაფერისი კანდიდატურის მოძებნისკენ უბიძგა, განსაკუთრებით იმის გამო რომ ხელმოწერების შეგროვება ახალი კანდიდატურის რეგისტრაციისთვის შესაძლოა გამოწვევად იქცეს“, – ამბობს ანდრე როტარუ, „ევრონიუს რუმინეთის“ ჟურნალისტი.
გასულ შაბათ-კვირას რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯორჯესკუს კანდიდატურა არ დაარეგისტრირა და განაცხადა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ოფისის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„ტიკ-ტოკ მესიად“ წოდებულმა კალინ ჯორჯესკუმ 2024 წლის 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაზვერვის ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ კენჭისყრის შედეგები გააუქმა.
კალინ ჯორჯესკუს სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება, მათ შორის ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა და მისი საარჩევნო კამპანიის ფინანსებზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო.