რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი თქვა.
62 წლის ჯორჯესკუმ საკუთარი კანდიდატურა პარასკევს, 7 მარტს ბუქარესტში დაარეგისტრირა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის უარყოფისთვის 48 საათი ჰქონდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოტივით არ დაარეგისტრირეს კალინ ჯორჯესკუ, თუმცა კომისიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების სრული ტექსტი მათ ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.
კანდიდატს გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება 24 საათის ვადაში შეეძლება.
კომისიის გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. გუშინ საღამოს რუმინეთის დედაქალაქში კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. რამდენიმე დემონსტრანტმა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს სხვადასხვა საგანი ესროლა, დააზიანა მანქანები და ბუჩქებს ცეცხლი წაუკიდა.
მოვლენებს კალინ ჯორჯესკუ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპა ახლა დიქტატურაა, ხოლო რუმინეთი ტირანიის ქვეშაა.