ბრიუსელში, 6 მარტს ჩატარებულ საგანგებო სამიტზე, ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივად იმუშაონ კონტინენტის თავდაცვის გასაძლიერებლად.
ევროპული უსაფრთხოებისთვის ასობით მილიარდი ევროს გამოყოფა ბრიუსელმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ დააჩქარა.
მზარდი რწმენით, რომ მათ ახლა საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად მოუწევთ, ქვეყნებმა, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს ათეულობით წლების განმავლობაში არ ზრდიდნენ, ახლა უსაფრთხოების გასაძლიერებლად და უკრაინის მხარდასაჭერად საჭირო ყველა შესაძლო გზა განიხილეს.
სამიტის დასრულების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ისტორია იწერება.
„ვფიქრობ, დღეს ისტორია იწერება. ამ ევროპული საბჭოდან მტკიცედ გამოვდივართ, რათა უზრუნველვყოთ ევროპის უსაფრთხოება და ვიმოქმედოთ იმ მასშტაბებით, სისწრაფითა და გადაწყვეტილებებით, რასაც ეს სიტუაცია მოითხოვს. გადაწყვეტილი გვაქვს მეტი, უკეთესი და ერთობლივი ინვესტიცია შეიარაღებაში. პარიზიდან, ლონდონამდე და ბრიუსელამდე, ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ და შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა და ეფექტური კოორდინაცია. ფაქტია, რომ ევროპა აშკარა საფრთხის წინაშე დგას და სწორედ ამიტომ წარვუდგინე დღეს ლიდერებს ევროპის ხელახალი შეიარაღების გეგმა, რომელიც ევროპას მისცემს იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რაც მას დღევანდელი საფრთხის წინაშე სჭირდება. მას შეუძლია 800 მილიარდი ევროს მობილიზაცია და ეს ჩვენს უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, რადგან ამის გადაუდებელი აუცილებლობა რეალურია“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სამხედრო ხარჯების სწრაფი ზრდისთვის ევროპელმა ლიდერებმა სამიტზე ხელი მოაწერეს საბიუჯეტო შეზღუდვების შემსუბუქებას. აგრეთვე, მათ ევროკომისიას მოუწოდეს ეძიოს ახალი გზები, რომლებითაც წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების ზრდაში ხელს შეუწყობს.
ერთ-ერთი ასეთი გზა 150 მილიარდი ევროს ღირებულების სესხია, რომელიც ახალი სამხედრო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
27 ქვეყნიდან 26 წევრი სახელმწიფო მეტწილად ყველა საკითხზე შეთანხმდა, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კოლეგების ზოგიერთ პოზიციას არ იზიარებს.
მისი თქმით, ევროპა ვერ მოახერხებს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პარალელურად უკრაინისთვის სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფასაც.
„პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა, ამ მხრივ, უფრო სწორია. ჩვენ უნდა დავხარჯოთ უფრო მეტი. კითხვა ისაა, თუ რისთვის? სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს. პირველ ყოვლისა, მეტი ფული უნდა დავხარჯოთ იმისთვის, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო და თავდაცვის შესაძლებლობები, მაგრამ ამავდროულად, ვინმემ უნდა დააფინანსოს უკრაინის არმიაც, რაც უზარმაზარი თანხაა და ამერიკელები ამაში მონაწილეობას მომავალში არ მიიღებენ. ამის შემდეგ როგორმე უნდა დავაფინანსოთ უკრაინის სახელმწიფო, რადგან სხვა შემთხვევაში ის დაინგრევა. ამრიგად, ვფიქრობ, რომ ეს სამი რამ ერთად ძალიან ბევრია. ევროპას ამის საშუალება არ აქვს. უნგრეთს ნამდვილად არა“, – ამბობს ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
მიუხედავად ამისა, ევროპელი ლიდერები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების საკითხში ისინი დგანან აშშ-ის ხელმძღვანელობის გვერდით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი არ უნდა გადაწყდეს ევროპისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე