დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლები, განსაკუთრებით კი, გურიის რეგიონი კვლავ ჩაკეტილია – მოსახლეობა დარჩენილია გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე. თბილისიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან გურიაში მოსახლეობის დასახმარებლად ჩავიდნენ მოხალისეები. ისინი სპეციალური მანქანებითა და აღჭურვილობით ცდილობენ ადგილობრივებისთვის საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდებას. სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად წერენ.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს განცხადებას. უწყების ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი 12 სოფლიდან 3 სოფელში მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია, იზოლირებული რჩება 9 სოფელი: ნიგვზარა, შომახეთი, ცხომარეთი, ბახიოთი, დურევი ჭალოვანი, ლიჩა და ღოდორა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციითვე, თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს, მობილიზებულია 14 ერთეული სპეციალური ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.