საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში დანია ანგარიშით 62:60 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს დანიასთან მატჩში დააკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ლეგიონერი კამარ ბოლდუინი, რომელმაც მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გადამწყვეტი ბურთი საქართველოსთვის დუდა სანაძემ ჩააგდო.
ნაკრების შეხვედრაში ლიდერობდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა და 13 მოხსნაა, დუდა სანაძემ კი შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
მატჩის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა. 35 წლის სპორტსმენი ევრობასკეტი 2025-ის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, 24 თებერვალს ქართველები სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გასვლით მატჩში ითამაშებენ, თუმცა ამ შეხვედრის შედეგი სატურნირო ცხრილში არაფერს შეცვლის.
დანიასთან გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.
ევრობასკეტი 2025 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება.