მთავარისაქართველოსაპროტესტო მარშის მონაწილეებს თავს დაესხნენ

საპროტესტო მარშის მონაწილეებს თავს დაესხნენ

საქართველოში გრძელდება პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციებისას დაკავებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლება; ასევე იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომლებმაც მასშტაბური დემონსტრაციების დაშლისას უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და დემონსტრანტებსა თუ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რუსთაველის გამზირზე მისვლამდე მოქალაქეთა ნაწილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ აქციებისას დაკავებულ პირთა ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები. ყოველ პარასკევს ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან საქართველოს პარლამენტამდე დემონსტრაციებისას დაკავებულთა მხარდამჭერ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. 21 თებერვლის საპროტესტო მარში მიეძღვნა ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს, რომელიც 36-ე დღეა შიმშილობს და პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

მსვლელობის მონაწილეებს კოსტავას გამზირზე, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, უცნობი პირები დაესხნენ თავს. მათ აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელებს, სავარაუდოდ, ხელკეტი ჰქონდათ. აქციის მონაწილეთა განმარტებით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ მომხდარზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.

მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დემონსტრანტები რეპრესიულ მექანიზმად აფასებენ აქციებისას მოქალაქეთა და მედიის წარმომადგენელთა 5000 ლარით დაჯარიმებას. მოქალაქეთა შეფასებით, მსგავსი მიდგომით „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობასა და დემონსტრანტთა დაშინებას ცდილობს.

5000-ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით დღეს, 21 თებერვალს, განცხადება გაავრცელა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ. იურისტის განმარტებით, 5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, რაც სისხლის სამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და არაპროპორციულია.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლის სამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს. 5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლის სამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია.

ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება. თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველდღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს“, – წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend