2024 წლის 28 ნოემბრიდან, იმ დღიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეწყვეტა გადაწყვიტა, საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. მალევე პროევროპულმა დემონსტრაციებმა საზოგადოების ყველა სფერო მოიცვა.
წინააღმდეგობის მოძრაობაში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტებიც. როგორც ისინი აცხადებენ, მიზეზი რამდენიმეა – ერთ-ერთი კი ისაა, რომ მათი თანაუნივერსიტეტელები, მეგობრები და თანამოაზრეები ანტისამთავრობო და პროდასავლური პოზიციის გამო დააპატიმრეს.
პროტესტის დაწყებიდან დღემდე არაერთი სტუდენტური ორგანიზაცია შეიქმნა. ერთ-ერთი ასეთი მოძრაობაა „სტუდენტური ძალა“, რომელიც აქტიურ შეხვედრებს მართავს საქართველოს რეგიონებში. სტუდენტთა მიმდინარე პროტესტსა და მოძრაობის გეგმებზე „ევრონიუს ჯორჯია“ „სტუდენტური ძალის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ გიორგი გოგშელიძეს ესაუბრა.