მთავარისაქართველო„ყველას კარამდე მივა” - ზარი გათავისუფლების შესახებ

„ყველას კარამდე მივა” – ზარი გათავისუფლების შესახებ

გიორგი აბულაძე და ანა ჯიშკარიანი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოდან დეკემბრის ბოლოს გაათავისუფლეს. ორივე მათგანმა ამის შესახებ სრულიად მოულოდნელად, ტელეფონით შეიტყო.

„მოულოდნელი იყო ეს ზარი ჩემთვის. შვებულებაში ვიყავი. სააგენტოს HR დამიკავშირდა და მითხრა, რომ პირველი იანვრიდან აღარ გაგრძელდებოდა ჩემთან ხელშეკრულება. დაახლოებით ერთწუთიანი საუბარი შედგა, თუ რატომ მოხდა ეს, რატომ აღარ გაგრძელდებოდა თანამშრომლობა, არ განუმარტავთ”, – ამბობს გიორგი აბულაძე.

„ჩვენ გავიარეთ გადამზადების პროგრამა, რომელიც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩავაბარეთ გამოცდები და ამის შემდეგ გვქონდა მოქმედ მედიატორებთან პრაქტიკა”, – იხსენებს ანა ჯიშკარიანი.

დეკემბრის ბოლოს სააგენტოდან სულ სამი მედიატორი გაათავისუფლეს, ერთი მათგანი – თბილისში, ორი კი რეგიონში მუშაობდა.

მედიატორი ჩვენს რეალობაში შედარებით ახალი პროფესიაა, ამ პროფესიის ადამიანები, იმ არასრულწლოვანებთან მუშაობენ, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული. მედიაციის პროგრამა დანაშაულის აღიარებისა და ალტერნატიული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვანებს მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდების შანსს აძლევს. მედიატორს, დაზარალებულსა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს შორის მოლაპარაკების წარმოება, შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების შესახებ შეთანხმების მიღწევა შეუძლია. ამ პროგრამის წარმატების მაჩვენებელი 95 პროცენტს აღწევს.

სახელმწიფო უწყებიდან მოულოდნელ გათავისუფლებას ყველა გათავისუფლებული მათ მიერ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციის ხელმოწერას უკავშირებს. 30 ნოემბერს სააგენტოში დასაქმებულმა მედიატორებმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ მმართველი პარტიის 28 ნოემბრის განცხადებას გამოეხმაურნენ.

„11 მედიატორი ვიყავით, ვინც ხელი მოაწერა ამ განცხადებას. აქედან სამი გაგვათავისუფლეს, ვისაც დროებითი ხელშეკრულება ჰქონდა, დანარჩენ 8-ს უვადო ხელშეკრულება ჰქონდა, თუმცა ისინიც ელიან, რომ მსგავსი უსამართლობა მათთანაც შეიძლება მოხდეს, მათაც შეეხოთ ეს საკადრო წმენდა”, – ამბობს ჯიშკარიანი.

„ორი მედიატორია, ვისაც არ მოუწერია ამ განცხადებაზე ხელი და მათ ჩვეულებრივად გაუგრძელეს ხელშეკრულება. ეს ფაქტორი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი დისკრიმინაცია სწორედ ამ განცხადების გამო მოხდა. სხვა მიზეზი არ არსებობს. ამასთან, მე ვიყავი ერთადერთი კაცი მედიატორი, ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ არსებობს სენსიტიური საქმეები, რომლებიც არასრულწლოვანი ბიჭების სქესობრივი ძალადობის საკითხებს ეხება და სასურველია, რომ ამ საკითხებზე კაცმა მედიატორმა იმუშაოს”, – ამბობს აბულაძე.

გათავისუფლების მომენტში ორივე მედიატორს არაერთი მიმდინარე საქმე ჰქონდა, მათი გათავისუფლების საკითხზე ჩვენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს მივმართეთ. მათ კი კომენტარის ნაცვლად დეკემბრის ბოლოს ფეისბუკის გვერდზე  გავრცელებულ განცხადებაზე მიგვითითეს.

„პრობაციის ეროვნული სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას, სააგენტოდან თანამშრომლების თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ.

ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა”, – ნათქვამია 27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩვენ თითქოსდა ვიცოდით, ინფორმირებულები ვიყავით, რომ ძველი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდებოდა – ეს არის სიცრუე. ამასთან, ჩვენს მედიატორის ბარათებზე ვადა 2028 წლამდე იყო მითითებული”, – ამბობს ანა ჯიშკარიანი.

„ზოგიერთი რეგიონი საერთოდ მედიატორის გარეშეა დარჩენილი, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთს საერთოდ არ ჰყავს და მის სამუშაოს სხვა რეგიონის მედიატორები ითავსებენ”, – ამბობს გიორგი აბულაძე.

საჯარო მოხელეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი ის ორგანიზაციაა, რომელიც ცოტა ხნის წინ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა უფლებების დასაცავად შეიქმნა. ამ დროისთვის ორგანიზაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გათავისუფლებული ათეულობით პირის საქმეზე მუშაობს.

„საჯარო სამსახურში კვლავინდებურად გრძელდება რეპრესიები და ის სხვადასხვა ფორმას იღებს.  გვაქვს ინფორმაცია, რომ დაიწყეს ახალი ფაზა, ადრე იყო უფრო მარტივი მექანიზმები ხელშეკრულების არშესრულება/შეწყვეტა იმ ჯგუფებისთვის, ვინც მარტივად მოწყვლადი იყო, ახლა გადავიდნენ უკვე შტატიან თანამშრომლებზე. მათ მიმართ იყენებენ უკვე დისციპლინურ სამართალწარმოებას. ამ ეტაპზე 300-ზე მეტი ადამიანია გაშვებული საჯარო სამსახურიდან, თუმცა დაახლოებით 5000-მდე ადამიანია, ვინც ხელი მოაწერა პროევროპულ პეტიციაზე… ოჯახის წევრებზეც გადავიდა უკვე ეს რეპრესიები, ამიტომ ყველას შეხება. ყველას კარამდე მივა აუცილებლად”, – ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე კახი სამხარაძე.

ცოტა ხნის წინ პროფესიული გაერთიანება დააფუძნეს სააგენტოდან გათავისუფლებულმა მედიატორებმაც და უწყების წინააღმდეგ კოლექტიური დავა წამოიწყეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend