მთავარიევროპაუკრაინა“ამბობენ ტრამპის თამაშიაო” - ვაშინგტონის დამაბნეველი ტაქტიკა

“ამბობენ ტრამპის თამაშიაო” – ვაშინგტონის დამაბნეველი ტაქტიკა

“გაუგონარს ამბობს, ამის თქმა დანაშაულია”, “ამბობენ,ეს ტრამპის თამაშიაო”, “არ ვეთანხმები, რომ უკრაინას ღალატობენ” – ამბობენ კიევის ქუჩებში.

დაჯერება არავის სურს, თუმცა კიევსა და ვაშინგტონს შორის საუბრები მეგობრებისას აღარ ჰგავს, – ყოველ შემთხვევაში ბოლო 24-ი საათია.

თამაშია, თუ ის არის, რაც არის ? – ამ კითხვას ბევრი სვამს, თუმცა პასუხს ჯერ ვერ იღებს.

ვიდრე მსოფლიო ორ დედაქალაქს შორის გაჩენილ ბზარზე საუბრობს, სულ უფრო გამბედავი ხდება მოსკოვის ტონი. ნებით თუ უნებლიედ მათ სიტყვებს ფასი ტრამპმა მიანიჭა.

“მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა,პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკას 350 მილიარდი დოლარი დაახარჯვინა ომში,რომლის მოგებაც შეუძლებელი იყო.ის უარს ამბობს არჩევნებზე, როგორ გენება მაღალი რეიტინგი,როდესაც ქალაქები განადგურებულია.ერთადერთი რაშიც კარგი იყო, ჯო ბაიდენით ვიოლინოსავით თამაშში.ის ძალიან მარტივია,ისაა დიქტატორი არჩევნების გარეშე.ჯობია სწრაფად იმოძრაოს,თორემ ქვეყანა აღარ დარჩება.ამ ომმა შეიძლება მიიღოს არასწორი მიმართულება, ამავდროულად ჩვენ წარმატებული მოლაპარაკება გვაქვს რუსეთთან ომის დასასრულებლად.მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია ეს, პუტინმაც თქვა,რომ ბაიდენს ეს არც უცდია. ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის მოტანა,ვერც ზელენსკიმ.გაბრაზდა,რომ არ მივიპატიჟეთ. მას სამი წელი ჰქონდა.უკრაინა მიყვარს,მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო გაწია. ომს ვერ დაასრულებ,თუ ორივე მხარეს არ დაელაპარაკე. მათ 3 წელია არ უსაუბრიათ”, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ვიდრე დონალდ ტრამპის სიტყვები  კიევს გაანაწყენებდა, ჯერ ამერიკელები გააბრაზა.

დემოკრატების მხრიდან ტრამპის კრიტიკა არახალია. თუმცა მის ბოლოდროინდელ განცხადებებს ჰყავთ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკელთა რიგებშიც. თუნდაც ლოიალურები და თავშეკავებული.

“მე არ ვეთანხმები თეთრ სახლს იმაში,თითქოს უკრაინამ დაიწყო ომი. ვფიქრობ ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო.ასევე გამოცდილება გვაჩვენებს,რომ ვლადიმერ პუტინი განგსტერია – შავი გულით. მასთან შედარებით, სერიული მკვლელი, ჯეფრი დამერიც კი დედა ტერეზაა. ვფიქრობ ტრამპიც და ზელენსკიც კარგი ადამიანები არიან და ორივეს ერთი რამ სურთ. იმედია გამოუვათ”- აღნიშნავს ჯონ კენედი – რესპუბლიკელი სენატორი. ტრამპის განცხადებისგან დისტანცირდა უმრავლესობის ლიდერიც სენატში.ჩვეული კრიტიკა ისმოდა უმცირესობის ლიდერი, დემოკრატი ჩაკ შუმერისგან.

“ომი არ უნდა დაგეწყოო” – ეს პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა ! რა გულისამრევია. ეს მას შემდეგ,თუ რამდენი იბრძოლა ამ კაცმა. საშინელებაა ამერიკის პრეზიდენტისგან ამის ნახვა,რომ ზურგს აქცევს ჩვენს მეგობარს და ღიად დგება ვლადიმერ პუტინის მგავს მკვლელის გვერდით.სამარცხვინოა ამერიკის პრეზიდენტი იმეორებდეს პუტინის პროპაგანდისტულ ნარატივს.უკრაინელ ხალხს არ დაუწყია ეს ომი, პუტინმა დაიწყო.თითოეული რესპუბლიკელი პასუხისმგებელია პრეზიდენტი ტრამპის ამ საშიშ და მცდარ განცხადებებზე”-აღნიშნა მან.

ამერიკის პრეზიდენტის სიტყვების პირდაპირმა ადრესატმა გუშინ უკვე თქვა,რომ მისი დაკვირვებით დონალდ ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს. უკვე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის ენა არ დაუმძიმებია და კონსტრუქციული მიდგომა არჩია.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია,რომ ამერიკელებთან  ჩვენი საერთო თანამშრომლობა იყოს კონსტრუქციული. ამერიკასთან და ევროპასთან ერთად ,მშვიდობა იქნება უფრო დაცული. ესაა ჩვენი მიზანიც. და რაც ყველაზე მთავარია., ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი მიზანია, არამედ საერთო მიზანი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მითუმეტეს მაშინ,როდესაც უკრაინაში ომის 3 წლის თავს ვუახლოვდებით. იმ ომის,რომლის დასრულებასაც უკრაინა პირველი წამებიდანვე ცდილობდა”,- თქვა ტრადიციულ საღამოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ში კიევს კრიტიკას უწუნებენ და ახსენებენ, რომ ეს საუკეთესო გზა არ არის დონალდ ტრამპთან მოსალაპარაკებლად. ახალი ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ კიევს კარგ შეთავაზებას უკეთებს, საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიებით.

კიევში ასე არ ფიქრობენ, უკრაინის იშვიათ მინერალებზე 50%-იან წვდომაზე კიევმა ვაშინგტონს უარი უკვე უთხრა – რადგან უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია,რომ შესაძლოა შტატებმა შეთანხმება გაამარტივოს,რათა მხარეებმა სწრაფ შედეგს მიაღწიონ, დეტალებზე კი მოგვიანებით შეთანხმდნენ.

რუსეთის მკაცრი უარის შემდეგ, ღიად რჩება საკითხი უკრაინაში ევროპული ძალების განთავსების თაობაზეც. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ვაშინგტონში მალე საფრანგეთისა და ბრიტანეთის პირველი პირები ჩავლენ. მანამდე ევროპელების საგანგებო შეხვედრის შეთანხმებაზე განცხადება ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

“ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი.ჩვენი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე: უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები დაცული; მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს მყარი და სანდო გარანტიები; ევროპის უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებული უნდა იქნეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებელია ევროპისა და ჩვენი თითოეული ქვეყნისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებისა და შესაძლებლობების გაზრდა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მომდევნო დღეებსა და კვირებში”, – წერია ტექსტში.

აშშ-სა და ევროპის მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღე დარჩა,მანამდე კიევში ვიზიტს აგრძელებს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი. ის შეეცდება კიევის პერსპექტივა ვაშინგტონს გააცნოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend