საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მიერ პარიზში დაგეგმილი ევროპელი ლიდერების მეორე საგანგებო შეხვედრის შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, იმას თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინის წინააღმდეგ, გავლენა ექნება მთელი ევროპის უსაფრთხოებასა და მომავალ თაობებზე.
„უკრაინასთან დაკავშირებით ევროპა და მსოფლიო ახლა გზაჯვარედინზე დგას. ევროპის უსაფრთხოება მომავალი თაობებისთვის დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. ევროკავშირმა და ნატოს ქვეყნებმა ერთად, სამი წლის განმავლობაში, აჩვენა ძალა და ერთიანობა – ბევრად უკეთესი, ვიდრე მოსალოდნელი იყო მაშინ, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – ამბობს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.
მან გამოყო ორი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლებზეც ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ.
პირველი ის, რომ მშვიდობას უნდა მიაღწიონ ძალის გამოყენებით და მეორე: მშვიდობა უნდა იყოს მტკიცე და გრძელვადიანი.
„დაისვა რამდენიმე კონკრეტული საკითხი, რომელთა გარშემოც ჩვენ ერთიანები ვართ. პირველია მშვიდობა ძალის გამოყენებით. ეს ფრაზა ინგლისურად უკეთ ჟღერს. მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოება შეეძლება მხოლოდ ძლიერის პოზიციიდან. სწორედ ამიტომ გავაგრძელებთ ჩვენ მიერ არჩეულ, უკრაინის ფართო მხარდაჭერის გზას. მეორე მთავარი საკითხია, რომ მშვიდობა უნდა იყოს განგრძობადი. პრეზიდენტ ზელენსკისთან პირველივე საუბრისას მან გაგვაფრთხილა მოულოდნელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, გადაჯგუფდეს და დაბრუნდეს როგორც უკრაინისთვის, ისე სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. მშვიდობა უნდა იყოს მტკიცე და ამიტომ უკრაინა ჩართული უნდა იყოს ამ მშვიდობის პირობების განსაზღვრაში. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არაფერი ევროპის უფრო ფართო პასუხისმგებლობაზე ევროპელთა მონაწილეობის გარეშე“, – ამბობს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.
ულფ კრისტერსონი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებასაც, რომელშიც ის ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორს უწოდებს, ხოლო ომის დაწყებას უკრაინას აბრალებს.
პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, ხოლო არავის სურს არჩევნების ჩატარება ისე, როგორც უკრაინას, რადგან ეს იქნებოდა მშვიდობის დამყარების პირველი ნიშანი.
„ეს არასწორია. არასწორი აღწერაა. ომი რუსეთმა დაიწყო. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად არჩეულია. მჯერა, რომ არავის სურს არჩევნები ისე, როგორც უკრაინას, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობა აღდგა და მათ შეუძლიათ კიდევ ერთხელ გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის ბედი. ვფიქრობ, უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება, როდესაც საქმე ეხება სწრაფ და დრამატულ განცხადებებს, რომლებიც ახლა სოციალურ მედიაში ვრცელდება. ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა ასე არ უნდა წარვმართოთ. ნაცვლად ამისა, უნდა გავემზადოთ სხვადასხვა სცენარისთვის, მოვემზადოთ უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვისთვის და გავაძლიეროთ თანამშრომლობა ნატოს ევროპულ ქვეყნებთან. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინა მშვიდობისთვის მაქსიმალურად იყოს მზად“, – ამბობს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.
ოთხშაბათს, 19 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია.