ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტს აწესებს. ის მეტწილად ე.წ. პირველადი ალუმინის იმპორტზე შეზღუდვას გულისხმობს, რაც აქამდეც განიხილებოდა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო პროცესი გაჭიანურდა.
ევროკავშირს რუსული ალუმინით დამზადებულ გარკვეულ პროდუქციაზე სანქციები აქამდეც ჰქონდა ამუშავებული, მისი მოხმარება კი ევროპულ ქვეყნებში შემცირებულიც იყო. მიუხედავად ამისა, სია გაფართოვდა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი მორიგი სასანქციო პაკეტით გამოდის. ამ თარიღთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობა სანქციების პარალელურად, კიევში ვიზიტსაც გეგმავს, რითაც ომში მყოფი ქვეყნის მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოხატავს.
სასანქციო პაკეტს ევროპელი ლიდერები სწორედ ომის წლისთავთან დაკავშირებით დაამტკიცებენ. გაფართოებულია ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის” შემადგენლობაც. სიას დაემატა 73 ახალი ტანკერი, რომლებიც მოსკოვისთვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდებაშია მხილებული.