ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა გუო ძიაკუნმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფაქტების ნუსხიდან იმ წინადადების ამოღებაზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას.
სპიკერის თქმით, ეს მორიგი მაგალითია იმის, რომ ვაშინგტონი ტაივანს ჩინეთის შესაკავებლად იყენებს და ამისთვის სეპარატიზმს ახალისებს.
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა თავისი ფაქტების ნუსხა ტაივანთან ურთიერთობების შესახებ და მნიშვნელოვნად უკან დახია პოზიცია ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს ნაბიჯი არღვევს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და აშშ-ჩინეთის სამ ერთობლივ კომუნიკეს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს და ავრცელებს მცდარ გზავნილებს სეპარატისტული ძალების მიმართ ტაივანის დამოუკიდებლობის საკითხზე. ეს მორიგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებღაუჭება აშშ ტაივანს ჩინეთის შესაკავებლად“, – ამბობს გუო ძიაკუნი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი.
გუო ძიაკუნმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს გამოასწოროს ეს სერიოზული შეცდომა, შეწყვიტოს ტაივანის სამხედრო დახმარება, მისი დამოუკიდებლობის წახალისება და პატივი სცეს “ერთი ჩინეთის პრინციპს”.
„მოვუწოდებთ აშშ-ს დაუყოვნებლივ გამოასწოროს ეს შეცდომა, დაიცვას „ერთი ჩინეთის პრინციპი“ და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკე, რომელიც ტაივანის საკითხს განსაკუთრებული წინდახედულობით განიხილავს. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ტაივანის გამოყენება ჩინეთის შესაკავებლად, შეწყვიტოს ტაივანთან ურთიერთობების გაუმჯობესება, შეწყვიტოს ტაივანის დახმარება საერთაშორისო ასპარეზზე მისი გაძლიერებისთვის, შეწყვიტოს ტაივანის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, აგრეთვე, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებისა და ტაივანის სრუტის სტაბილურობის დაზიანება“, – ამბობს გუო ძიაკუნი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი.
სპიკერი აღნიშნავს, რომ ტაივანი ჩინეთის პროვინციაა, რომელსაც პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს.