მთავარიმსოფლიოპარიზში ევროპის ქვეყნებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

პარიზში ევროპის ქვეყნებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვას გეგმავენ. ამის გამო ევროპის ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ და ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ  უკრაინის მომავალთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს როგორც კიევი, ისე ევროპა. მათი თქმით, სასწორზე დევს არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტის საკითხი, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება.

ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის მომავლის საკითხის განსახილველად ჩართული უნდა იყოს ევროპაც და კიევიც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გამართვაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ამბობს, რომ ევროპა აქტიურად მუშაობს უკრაინის სამართლიანი, ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მისი განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოება და ევროპული უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო კი აცხადებს, რომ  სასწორზე დევს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, არამედ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება და საერთაშორისო სამართლის მომავალი.

იმავდროულად, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს დაგეგმეს შეხვედრა და რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უმასპინძლოს ამერიკულ დელეგაციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend