მთავარისაქართველოგზავნილები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ჩაიტანს

გზავნილები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ჩაიტანს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამგზავრებამდე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავს.

12 თებერვალს ის ეკონომიკისა და ფინანსური სფეროების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოსალოდნელი ეკონომიკური სირთულეები განიხილა.

„თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რა მოჰყვება სანქციებს, ყოველივე იმას, რასაც ჩვენ ამ პერიოდში „ვეჯახებით“, ჩათვალეთ, რომ ყველა ვიქნებით ამ სანქციების ზარალის ქვეშ. წარმოუდგენელია, ჩვენი მოწყობის ქვეყანა გამოძვრეს ამ მძიმე ვითარებიდან თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული. ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით, ახალი მიდგომებით და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გვყავდეს“, – თქვა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზურა ჭუმბურიძემ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პროევროპული აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრებსაც შეხვდა. მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმა უმნიშვნელოვანესია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ თავისუფალი და ევროპული ქვეყნისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის ხმა უფრო მკაფიოდ გაიგოს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დაკავებული პირები არიან „თავისუფლებისთვის მებრძოლები“ და სწორედ ამ სახელით უნდა გაიცნონ ისინი დასავლელმა ლიდერებმა.

„დროა, ამ ადამიანებს დავარქვათ სახელი, ისინი არ არიან „პოლიტიკური პატიმრები“, რადგან არ არიან არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა იმ გაგებით, რომ შეიძლება პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. ეს არის სახელმწიფოსთვის ბრძოლა და ეროვნული ბრძოლა. ასევე დასახელება „სინდისის პატიმრები” ბოლომდე ვერ ასახავს. მგონია, რომ ძალიან სწორი სახელი იქნება, რომ დავარქვათ „თავისუფლებისთვის მებრძოლები” – Freedom fighters. თუ დამეთანხმებით, ამ სახელწოდებით უნდა გავიტანოთ მათი სახელი საზღვარგარეთ, პირველ რიგში, მიუნხენის კონფერენციაში, სადაც მე ვიქნები. ასევე ინტერვიუებში, რომელიც ბევრი მექნება და ამით გავაცნო ეს ადამიანები საზღვარგარეთ, რომ გაიგონ რაში არის მათი ბრძოლა. ეს ბრძოლა, მართლაც არის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მომავლისთვის.

მებრძოლებს მინდა, დავპირდე, რომ როგორც კი ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდეს შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ვამბობ, რისთვის მჭირდება სხვების თანხმობა, ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ომის ვეტერანებისთვის, ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი.

„ქართულო ოცნება”, რომელიც მშვიდობას გვპირდებოდა, თავის მოსახლეობას გამოუცხადა ომი და ვართ ომში. ესენი არიან ჩვენი „ახალგაზრდა ვეტერანები”, მაგრამ მართლა უნდა მივხედოთ მათ. ზოგს დავუწესოთ სტიპენდია, ვის მივცეთ პრიორიტეტი, როცა ლაპარაკი იქნება საჯარო სამსახურში დაბრუნება თუ შესვლა და ა.შ. ვიფიქრებთ რა ტიპის შეღავათები უნდა იყოს. ეს იქნება სოლიდარობის გამოცხადება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრისთვის. ეს არის მოსაზრება, რომელიც უკავშირდება ახალი ფონდის დაარსებას, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ფიგურების მიერ მართული, უფრო იქნება საზოგადოების მიერ მართული. საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ იყოს ერთი დიდი საზოგადოების ამსახველი ფონდი, რომელიც დაეხმარება პატიმრების და თავისუფლებისთვის მებრძოლ ოჯახებს. ასევე დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც დაჯარიმებულები არიან, ან დაჯარიმდებიან, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს საჯარო სექტორში არიან დასჯილები, დაკარგეს თავიანთი სამსახური, რადგან პროტესტი გამოხატეს”,- განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

პროევროპული აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებს გააცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და დაკავებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

„ძალიან მინდა, რომ გავიდეს ეს ინფორმაცია, რაც გუშინ საბამ თავისი წამების შესახებ მოყვა. უმძიმესი რამ მოვისმინეთ და ჩემთვის პირადად დამანგრეველი იყო. ამ ფაქტმა წამაქცია გუშინ”, – განაცხადა ელენე ახობაძემ, საბა სხვიტარიძის დედამ.

„ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან დიდია ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. მისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ძალიან ბევრს მუშაობს ქვეყნისთვის, ახალი არჩევნებისთვის და რაც მთავარია, პოლიტპატიმრებისთვის”, – აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ.

დღის ბოლოს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებს შეხვდა. ისინი აცხადებენ, რომ მათი სამსახურებიდან გათავისუფლება მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოზიციის ღიად დაფიქსირებას უკავშირდება.

14 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრება და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიაც. სამთავრობო დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეული არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend