ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე არ განიხილოს კანონპროექტი.
„დღეს, 5 თებერვალს, სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარე კვირას დაინიციირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში“, – წერია განცხადებაში.
მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კანონპროექტს კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს.