მთავარისაქართველორუსი დეპუტატი PACE-ში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტაზე: „იმსახურებს პატივისცემას”

რუსი დეპუტატი PACE-ში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტაზე: „იმსახურებს პატივისცემას”

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთის ფედერაციის სათათბირო საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტის კოსაჩევი ეხმაურება.

რუსი პოლიტიკოსის განცხადებით, ქართული დელეგაციის გაწვევა გარდაუვალი და გასაგები ნაბიჯი იყო და მისივე თქმით, „ეს გადაწყვეტილება როგორც გაგებას, ისე პატივისცემას იმსახურებს“.

„ტელეგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში კონსტანტინ კოსაჩევი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების წინმსწრებ პროცესებს იხსენებს, როცა ევროსაბჭომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მისი თქმით, ქართული დელეგაციისთვის ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის გაწვევის მოთხოვნა „შეურაცხმყოფელი“ იყო.

„რა თქმა უნდა, უკრაინისა და მოლდოვის საკითხებმა „გააფუჭეს“ ევროპა. ბოლო წლებში ისინი მიეჩვივნენ, საქმე ჰქონდეთ სრულად დამოკიდებულ კიევსა და კიშინიოვთან, რომლებიც მზად არიან „უვიზო მიმოსვლის გამო“ არა მხოლოდ გაწყვიტონ ურთიერთობა რუსეთთან, არამედ გაანადგურონ თავიანთი წარსული, აწმყო და მომავალი. საქართველო, რომელმაც განვითარების სუვერენული გზა აირჩია და პრიორიტეტად აყენებს ეროვნულ ინტერესებს, ევროსაბჭოს უკმაყოფილებას იწვევს“, – წერს რუსეთის სათათბირო საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩევი.

კრემლის პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხზე „ქართულ ოცნებას“ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ევროსაბჭოდან გასვლა შესაძლებელი და გარდაუვალია. დეპუტატის შეფასებით, „ევროპული სახელმწიფოების ხელწერაა, მოთხოვნების შესრულებამდე სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებს, ვინც მათი პოლიტიკის მოწინააღმდეგეა“. მისივე თქმით, ასეთ მოცემულობას რუსეთი „არც ისე ცუდად შეეგუა“.

„მაგალითისთვის, უცხოური აგენტების კანონი მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში. თუმცა, ისინი არა მხოლოდ დამოუკიდებლად წყვეტენ მსგავს საკითხებს, რისი უფლებაც მსოფლიოს ყველა სხვა სახელმწიფოსაც აქვს, არამედ ცდილობენ, განაგონ მესამე ქვეყნების დღის წესრიგიც. თუ ეს არ არის შიდა საქმეებში ჩარევა, მაშინ სხვა რა?“ – დაწერა რუსმა დეპუტატმა.

29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხზე რეზოლუცია მიიღო. პროექტს მხარი საბჭოს 134 წევრიდან 114-მა დაუჭირა.

რეზოლუციაში საუბარია 2025 წლის აპრილის სესიამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ შესასრულებელ პირობებზე, მათ შორის მომდევნო თვეებში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე.

ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend