მთავარიEuropean Unionევროკავშირში მზის ენერგიის შედეგად წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა ქვანახშირით წარმოებულს აღემატება

ევროკავშირში მზის ენერგიის შედეგად წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა ქვანახშირით წარმოებულს აღემატება

ბელგიაში მზის ბატარეების ეს პარკი ევროპის ენერგოსისტემის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ილუსტრაციაა. ფონად მოჩანს ჰოისდენზოლდერის ქვანახშირის მაღარო, რომელიც ბენილუქსის რეგიონში უკანასკნელი იყო, სანამ დაიხურებოდა.

დღეს ყოფილი მაღაროს ტერიტორიაზე დაახლოებით 25000 მზის პანელია განთავსებული.

პროექტის მენეჯერი დრიის ვან ჰუიდონკი ამბობს, რომ 1992 წელს მაღაროს დახურვის შემდეგ აქ არაფერი ხდებოდა. მათ „გრუპ მაქიელსა“ და LRM-თან ერთად ამ ობიექტზე შექმნეს მზის ელემენტების უზარმაზარი პარკი, რომელმაც ახალი სიცოცხლე მიანიჭა ამ ადგილს, მისი თქმით, პანელების საერთო სიმძლავრე ხუთი მეგავატია, ის 2008 წელს აშენდა.

პირველად ისტორიაში ევროკავშირში მზის ენერგიის შედეგად წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა ქვანახშირით წარმოებულს აღემატება.

ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის ყველაზე დიდი წყაროა. მას მოჰყვება ქარით, ბუნებრივი აირითა და ჰიდრორესურსებით გამომუშავებული ენერგია. 2024 წელს ევროკავშირის ელექტროენერგიის 11 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო, 10 პროცენტი კი ქვანახშირისგან.

ევროპის ყველა ქვეყანაში ინტენსიურად ჩნდება მზის ენერგიის წყაროები. უნგრეთი ამ მხრივ მოწინავე ადგილზეა. აქ ელექტროენერგიის მეოთხედი სწორედ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდის. უნგრეთს საბერძნეთი და ესპანეთი მოსდევს.

SolarPower Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალბურგა ჰემეტსბერგერი აცხადებს, რომ ეს  მნიშვნელოვანი ეტაპია არამხოლოდ სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესისთვის, როცა განახლებადი ენერგიის წყაროები წიაღისეულ საწვავს სულ უფრო მეტად ანაცვლებს, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც, რადგან ეს არის ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია. იგი ასევე დასძენს, რომ ეს მნიშვნელოვანია ევროპის კონკურენტუნარიანობისთვისაც, რადგან ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი ენერგია.

თუმცა არსებობს ერთი საკითხი. ევროპულ ბაზარზე სულ უფრო მეტი  მზის ჩინური პანელია. ისინი ძირითადად  სუბსიდირებულია პეკინის მიერ.

ვალბურგა ჰემეტსბერგერის თქმით, პანელების 90% დღეს მხოლოდ ერთი წყაროდან მოდის  და ეს არის ჩინეთი. ბოლო წლების განმავლობაში ისინი მუშაობენ ევროკომისიასთან ერთად, რომ ევროპაში ელემენტების წარმოება დააბრუნონ. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, ევროპა იყოს მოქნილი და მომარაგება – დივერსიფიცირებული.

კიდევ ერთი გამოწვევაა, გაუმჯობესდეს ენერგიის დამარაგების სისტემები და ენერგეტიკული მოქნილობა, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ განახლებადი ენერგია. მიზანიც დასახულია.

ევროკავშირი გეგმავს 2030 წლისთვის ენერგიის 42.5 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიიღის, 2050 წლისთვის კი ნახშირბადნეიტრალური გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend