ახალი საპარლამენტო არჩევნების და დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, 66-ე დღეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მართავენ.
ბოლო რამდენიმე კვირაა, მოქალაქეთა ჯგუფი ჯერ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან იკრიბება, ლოზუნგით „ღია ეთერი ხალხს“, მოგვიანებით კი მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები უკმაყოფილო არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკით და მიიჩნევენ, რომ არხი არ უთმობს საკმარის დროს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს.
მოქალაქეები განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მზია ამაღლობელის საქმის გაშუქების გამო გამოთქვამენ. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასათანადოდ აშუქებს, დაპატიმრებული ჟურნალისტის საქმეს, რომელიც უკვე 22-ე დღეა შიმშილობს.
„ის წყარო, ის არხი, რომელიც თქვენს პრობლემებს აშუქებდა, თქვენს ხმას აწვდენდა დანარჩენ საქართველოს და პასუხისმგებელ უწყებებს, ის არხი , ის შესაძლებლობაა დღეს დაპატიმრებული მზია ამაღლობელის სახით“ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, თამარ მშვენიერაძემ საპროტესტო აქციაზე.
აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების და სასამართლოს ქმედებებსაც. დემონსტრანტები და იურისტები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებს დაუსაბუთებლად აჯარიმებენ გზის გადაკეტვის გამო, ხოლო სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც აღძრულია 50-მდე დაკავებული პირის წინააღმდეგ პოლიტიკურად არის მოტივირებული.
„როგორც იყენებს პოლიცია როგორც ადმინისტრაციულ კანონს, ისე სისხლის სამართლის კოდექსს, უკვე სცდება ყოველგვარი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს“ – გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი
პროტესტი გრძელდება ბათუმშიც. დღეს, 1-ელ თებერვალს ბათუმში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
„მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის საქართველო. ამიტომ ვართ დღეს ყველანი ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერად, კარგად იქნება, რადგან ის არის საქართველო. ამერიკაში ახალი თანასპონსორები გაუჩნდა იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის ნიშნები, თუ რამდენად იზრდება მხარდაჭერა ამ პროტესტის. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რისთვისაც ვდგავართ დღეს აქ და ვიქნებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება“ – მიმართა საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმა.
საპროტესტო აქციის 66-ე ღამეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, დემონსტრანტები კარვებში მეოთხე ღამეს გაათენებენ.