მეამბოხეთა ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა სირიის ახალ პრეზიდენტად გამოცხადდა. ასადების 50-წლიანი მმართველობის დამხობის შემდეგ, ალ-შარაა 29 იანვარს, ,,გარდამავალი პერიოდის მთავრობის“ პრეზიდენტად გამოცხადებისას, გამარჯვების სიტყვით წარდგა.
მეამბოხე ფრაქციების მსგავსი, ახალი სამხედრო მოსამსახურეთა წინაშე წარდგენისას, ალ-შარაამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის დამხობილმა რეჟიმმა ქვეყანას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებებით ღრმა ჭრილობები დაუტოვა.
,,გამარჯვება თავისთავად მოვალეობაა. გამარჯვებულთა მოვალეობები მძიმეა, დიდია მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. დაცემულმა რეჟიმმა ღრმა ჭრილობები დატოვა სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა მიმართულებებით. გამოჯანსაღება დიდ სიბრძნეს, დაუღალავ შრომას და გაორმაგებულ ძალისხმევას საჭიროებს. ბოდვაა იფიქრო, რომ ბრძოლის დრო წარსულს ჩაბარდა და შვების დრო დადგა“, – განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.
სიტყვით გამოსვლისას სირიის ახალმა ლიდერმა ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები დაასახელა, რომელთა შორისაც პრიორიტეტია საგარეო ურთიერთობების აღდგენა.
სირიის პრიორიტეტებს შორის, ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა ასევე დაასახელა სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება გარდამავალი მართლმსაჯულების გატარებით. ასევე, პრიორიტეტებს შორის არის სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით სამხედრო, უსაფრთხოების და პოლიციის ძალების აღდგენა. საუბარი შეეხო ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასაც, რომელიც ადამიანური რესურსების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორზე იქნება ორიენტირებული.
დამასკოს ქუჩებში სირიის მოქალაქეებმა აჰმედ ალ-შარაას პრეზიდენტად დასახელება აღნიშნეს. ბოლო წლების განმავლობაში, მეამბოხეთა ლიდერმა საზოგადოების ნაწილში, თავი პლურალიზმის და ტოლერანტობის დამცველად დაიმკვიდრა. იგი დებდა პირობას, რომ დაიცავს ქალთა და რელიგიური უმცირესობების უფლებებს.
,,როდესაც წინა რეჟიმის ალტერნატივად ეკრანზე ჩვენი ძმა, აჰმედ ალ-შარაა გამოჩნდა, ჩვენ დავინახეთ რომ იგი მაშინვე მოქალაქეების საზრუნავზე ალაპარაკდა. მან დაიწყო საუბარი პურზე, გაზზე და ხელფასების ზრდაზე“, – ამბობს დამასკოს მცხოვრები.
,,ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან იგი გონიერი ადამიანია. ის იყო ძლიერი ლიდერი იმ ბრძოლაში, რომელმაც გაათავისუფლა სირია. იგი იმსახურებს პრეზიდენტობას“, – განაცხად ალ-შარაას მხარდამჭერმა.
მას შემდეგ, რაც ალ-შარაას ხელმძღვანელობით ისლამისტურმა მეამბოხეთა დაჯგუფებამ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო – ჯგუფი სირიის დე ფაქტო მმართველ პარტიად იქცა. ,,დროებითი მთავრობის“ წევრები დიდწილად, ადგილობრივი ხელისუფლების იმ ოფიციალური პირებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებიც მანამდე მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბს მართავდნენ.
ამავდროულად, BBC-ის ავრცელებს ცნობებს, რომ რუსეთმა სირიიდან სამხედროების გაყვანა დააჩქარა. მათივე ინფორმაციით, მოსკოვი ტოვებს სირიის საკვანძო მნიშვნელობის, ტარტუსის პორტს. Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი რუსეთის ოფიციალური პირების მიერ დამასკოში გამართულ ე.წ. ,,გულწრფელ დისკუსიებს“ მოჰყვა.