პალესტინელი ოჯახები ღაზის სექტორში თავიანთ სახლებს უბრუნდებიან, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მათ მხოლოდ ნანგრევები ხვდებათ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომების შემდეგ პალესტინელებს თავიანთი სახლების ხელახლა შენება არაერთხელ დასჭირვებიათ. ამჯერად, ომმა, რომელიც წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქალაქი ღაზა თითქმის სრულად გაანადგურა.
ადგილობრივების თქმით, თავიანთი სახლების ამოცნობას, წარსულში, ნანგრევებში მოყოლილი ნივთებით ახერხებდნენ, თუმცა ახლა ესეც ვერ ხერხდება.
„ვფიცავ, რომ არაფერი ჩანს… არაფერი ჩანს და არანაირი კვალი არაა. კარადისგან არაფერია დარჩენილი. ჩემს კარადაში ყველა საბუთი მქონდა შენახული. დაბომბვის დროს გამოვიქეცით. რამდენიმე რაკეტა ჩვენ გვერდით სახლებს მოხვდა და მაშინ ვთქვით, რომ ახლა ჩვენი ჯერი იყო“, – ამბობს რეიად რამადანი, ქალაქ ღაზის მაცხოვრებელი.
პალესტინელებმა საცხოვრებელი სახლები თითქმის 16 თვის წინ დატოვეს და თავი სამხრეთს შეაფარეს. რამდენიმე ოჯახმა ნანგრევების ნახვის შემდეგ კვლავ სამხრეთში დაბრუნება არჩია, თუმცა სხვების თქმით, სახლის ნგრევა არაფერია, ომში ოჯახის წევრების დაკარგვასთან შედარებით.
„ყველა სახლი რომ დაინგრეს, არ ვინერვიულებ, რადგან ჩემი ვაჟი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ღმერთმა შეიწყალოს. უკვე მეორე შვილი დავკარგე“, – ამბობს რეიად რამადანი.
ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის დატოვება ორშაბათს, 27 იანვარს დაიწყეს.