ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
ოცდაშვიდმა წევრმა ქვეყანამ სირიის სამოქალაქო ომის დროს ასადის რეჟიმს მრავალი სანქცია დაუწესა, თუმცა ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ ევროკავშირი მზადაა, დამოკიდებულება შეცვალოს.
„ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს სირიის ეკონომიკას და ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სწრაფად ვდგამთ ნაბიჯებს, მზად ვართ, კურსი შევცვალოთ, თუ სიტუაცია გაუარესდება. პარალელურად, ვმუშაობთ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აღდგენაზე“, – ამბობს კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უკმაყოფილოა, დამასკოში მმართველ წრეში ისლამისტებიც რომ არიან. ევროკავშირი პირობას დებს, რომ სირიის ახალი მთავრობის დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში სანქციებს განაახლებს.
„ჩვენი პოზიცია სირიასთან დაკავშირებით ყველასთვის ცხადია. გვინდა, კონსტრუქციული ვიყოთ და, შესაბამისად, ჩართული ვართ პროცესში. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ სირიას საერთაშორისო საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის შესაძლებლობა ექნება, თუმცა სრული თავისუფლების მიცემა გამოსავალი არაა“, – ამბობს კონსტანტინოს კომბოსი, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სირია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირმა ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესა.
სანქციები შემსუბუქდება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საბანკო სექტორებზე, იმ სფეროებზე კი, რომლებიც იარაღის ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება. სანქციები შენარჩუნდება.