ლუქსემბურგის ჯანდაცვის ეროვნული სკოლის შენობა უფრო მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. ქალაქ ეტელბრიუკში მდებარე ეს შენობა სამაგალითოდ იქცა როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მთელ ევროპაში.
ხის მასალას, მზის პანელებსა და ცხელი წყლის ავზს – ამ ყველაფერს ნახავთ ევროპული პროექტის „პოზიტიური ენერგიის“ ფარგლებში. ამ პროექტის კონცეფციის მიხედვით, ე.წ. დადებითი ენერგია შენობის განუყრელი ნაწილი უნდა იყოს მთელი მისი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.
ლუქსემბურგის საზოგადოებრივი შენობების ადმინისტრაციის არქიტექტორი მარტინ შმიტი განმარტავს, რომ შენობის მიერ ენერგიის დაზოგვას შენობის ექსპლუატაციის საშუალო ვადის მიხედვით იკვლევენ, თუმცა შენობები თავისუფლად ძლებენ 50 წელი.
„გვინდოდა, მართლა პოზიტიურები ვყოფილიყავით და გაგვეთვალისწინებინა ე.წ. „რუხი ენერგიაც“, რომელიც შენობის აშენებასა და დაშლას სჭირდება. ამ პროექტმა ევროპის განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ჯილდო მოიპოვა“, -ამბობს მარტინი.
საავადმყოფოს გვერდით მდებარე ლუქსემბურგის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (LTPS) ელექტროენერგიის სხვადასხვა წყაროს ინტეგრაციისა და ავტომატური კონტროლის იდეის ერთგული რჩება.
ამ შენობაში 430 სტუდენტი სწავლობს, არის 16 საკლასო ოთახი და 6 ლაბორატორია. მისი სახურავი კი მთლიანადაა დაფარული მზის პანელებით, რომლებიც ორჯერ მეტ ელექტროენერგიას აწარმოებენ, ვიდრე ამ შენობას სჭირდება. ამ საპილოტე პროექტის კიდევ ერთი საკვანძო ელემენტი გათბობაა, რომელიც შენობაში თითქმის მთელ სიმაღლეზე ვერტიკალურად დამონტაჟებული წყლის ავზიდან მოდის.
პოლ ვეიდერტი, ლუქსემბურგის საზოგადოებრივი შენობების ადმინისტრაციის ინჟინერი:
“ამ ავზის სიმაღლე 20 მეტრია და 100 ათას ლიტრ წყალს იტევს. შენობის ფასადზე დაინახავდით მზის თერმულ კოლექტორებს, რომლებიც ფანჯრებს ჰგავს, მაგრამ რეალურად ისინი ელექტროენერგიას აწარმოებენ, მათ ავზის გასათბობადაც იყენებენ“.
ამ დაწესებულების მთლიანი ბიუჯეტი 29 მილიონი ევროა, საიდანაც 28 მილიონი ლუქსემბურგმა დააფინანსა, ხოლო 1 მილიონი – ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფონდმა.
დერეფნების კედლები თეთრი თიხისაა, ერთადერთი ელექტრომოწყობილობა მანათობელი დიოდებია, ჰაერი მუდმივად იწმინდება და აქ გამოყენებულ ყველა აპარატურას ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი აქვს. საინტერესოა, როგორ გრძნობენ თავს სტუდენტები?
“კლასში თავისუფლად სუნთქავ, არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა. ზუსტად არის ტემპერატურა შერჩეული, რათა სწავლის დროს ყურადღება არ გაგეფანტოს“, – ამბობს ფანტა გოიტა, სტუდენტი.
შენობა 2019 წელს ააგეს და მას შემდეგ ეს ცენტრი ოდნავადაც არ დაძველებულა, – ასე ამბობს დირექტორის მოადგილე, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან ამაყობს ამ შენობის აღჭურვილობით.
“საკლასო ოთახებში ყოველთვის სასიამოვნო ატმოსფეროა ტემპერატურის, ტენიანობისა და აკუსტიკის მაჩვენებლების მიხედვით. ეს შენობა იმისთვის მოაწყვეს ასე, რომ სტუდენტებმა საუკეთესო განათლება მიიღონ და თან ბევრიც იმუშაონ“, – განმარტავს კარლო გუდენბურგი, ლუქსემბურგის ჯანდაცვის ეროვნული სკოლის დირექტორის მოადგილე.
ავტორი: ავრორა ველესი