„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და პრაქტიკული ხარვეზები” – ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია გამართა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა.
დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მონიტორინგის რვათვიანი პერიოდია შეჯამებული. მასში ასევე გაანალიზებულია და კრიტიკულადაა შეფასებული უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის არსებული მექანიზმების ეფექტიანობა.
ასევე, აქცენტი გაკეთებულია სუს-ის ფართო უფლებამოსილებასა და რესურსების არარაციონალურ ხარჯვაზე. კვლევა მიმოიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს.
ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო შესუსტებულია, რაც პარლამენტში უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, საპროტესტო აქციებსა და მათი თქმით, ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას შეიძლება უკავშირდებოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის ერთ-ერთ დათქმას წარმოადგენდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, საანგარიშო პერიოდში ეს კიდევ უფრო შესუსტდა.
კონტროლის ერთადერთი მექანიზმი, რაც დეპუტატებმა საანგარიშო პერიოდში გამოიყენეს, პარლამენტის წევრის სულ ორი წერილობითი კითხვა იყო. სუს-თან მიმართებით წინა წლების მსგავსად, არ გამოყენებულა ინტერპელაციის, ან თანამდებობის პირის კომიტეტის და პლენარულ სხდომაზე დაბარების მექანიზმი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლების განმავლობაში იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც თავისი არსით, მის სამუშაო მიმართულებაში არ ჯდება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან შემხებლობა არ აქვს, რაც სამსახურის საბიუჯეტო და ადამიანური რესურსის არარაციონალურად ხარჯვას წარმოადგენს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წლიდან წლამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება. შექმნიდან დღემდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მისი დაფინანსება თითქმის 30 მილიონი ლარით გაიზარდა.
ამასთან, სუს-ის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყება, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, მათი თქმით, ცხადია, რომ უწყება თავის უფლებამოსილებას საზოგადოების დაშინების მიზნით იყენებს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში შექმნილი დაძაბული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე.
საპარლამენტო ზედამხედველობა კი უწყებაზე დემოკრატიული კონტროლის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.