მთავარიამერიკააშშ,,ამერიკა უპირველეს ყოვლისა” - ტრამპის საგარეო პოლიტიკა ბრუნდება

,,ამერიკა უპირველეს ყოვლისა” – ტრამპის საგარეო პოლიტიკა ბრუნდება

ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლეთ ნახევარსფეროს რუკის ხელახლა ფორმირების გეგმებზე ალაპარაკდა. როგორც თავად ამბობს, მიზნის მისაღწევად არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, 47-ე პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება, ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს  აშშ-ის მიერ ათწლეულების განმავლობაში გატარებული პოლიტიკის მიტოვებას და ტერიტორიულ ექსპანსიას გულისხმობს.

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია და პანამის სრუტე ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ორივე ტერიტორიის მოსაპოვებლად სამხედრო ძალას მიმართოს.

,,გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. ამას დიდი ხანია მეუბნებიან. ხალხი ამაზე დიდი ხანია საუბრობს. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე კანონიერი უფლება. თუ ასეა, უნდა დათმონ, რადგან ის გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თავისუფალი სამყაროს დასაცავად“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

გზავნილის გადასაცემად, რომ ამერიკა გრენლანდიას კარგად მოეპყრობა, არჩეული პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიაში ჩავიდა. მისი თქმით, გრენლანდიელი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს თუ და როდესაც, იგი ამერიკის ნაწილი გახდება.

ამის პარალელურად, თავად დონალდ ტრამპმა კიდევ არაერთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მათ შორის, მექსიკის ყურისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.

“ვაპირებთ , მექსიკის ყურის სახელი ამერიკის ყურედ შევცვალოთ. ლამაზად ჟღერს. ამერიკის ყურე დიდ ტერიტორიას მოიცავს – რა ლამაზი სახელია, და შესაფერისი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ისაუბრა კანადის 51-ე შტატად შემოერთების გეგმებზეც. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს, თუმცა მზადაა მიიღოს ეკონომიკური ზომები ოტავას წინააღმდეგ.

,,კანადა და შეერთებული შტატები, ეს ნამდვილად რაღაც დიდებული იქნებოდა. მოაშორეთ ეს ხელოვნური საზღვარი და შეხედეთ როგორ გამოიყურება“, – თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან კანადის მიერთების სურვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთიც გამოხატა, რომელზეც ამერიკის და კანადის ტერიტორია შშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული.

თეთრ სახლში დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, ბევრს მისი პირველი საპრეზიდენტო ვადა მოაგონა, როდესაც ამბობდა, რომ რუსეთს წაახალისებს, ,,როგორც სურს ისე მოექცეს“ ნატოს მოკავშირე ქვეყნებს.

ანალიტიკოსების თქმით, დონალდ ტრამპის იმპერიალისტური ხედვები მისი მცდელობაა -ჩინეთის აღზევებით და გლობალიზაციისთვის დამახასიათებელი უთანასწორობით გამოწვეულ პრობლემებს გაუმკლავდეს.

ამავდროულად, ბევრისთვის კვლავ ბუნდოვანია რამდენად სერიოზულად გეგმავს დონალდ ტრამპი აშშ-ის გაფართოებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით; თუ მისი სენსაციური განცხადებები – სასურველი ეკონომიკური თუ პოლიტიკური დათმობების მისაღებად – ერთგვარ ვაჭრობის ტაქტიკას წარმოადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:59

რატომ გრენლანდია?

spot_imgspot_img
Send this to a friend