დანია გრენლანდიაში თავდაცვის ხარჯებს გაზრდის – ეს გადაწყვეტილება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ,,გრენლანდიის დასაკუთრება და მასზე კონტროლი ამერიკისთვის აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“.
დანიის თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ კოპენჰაგენი გრენლანდიის თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე მილიარდ დანიურ კრონს გამოყოფს. გავრცელებული ცნობებით, გამოყოფილი თანხის ოდენობამ შესაძლოა, 13 მილიარდ ევროსაც კი მიაღწიოს. დონალდ ტრამპმა კვირას, სოციალურ პლატფორმა ,,Truth Social”-ზე დაწერა, რომ ამერიკა გრენლანდიის დასაკუთრებას მთელი მსოფლიოს გარშემო ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების შენარჩუნების მიზნით შეეცდება.
პასუხად, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ განაცხადა, რომ ,გრენლანდია გრენლანდიელ ხალხს ეკუთვნის. მისი თქმით, ქვეყანა არ იყიდება და არც არასოდეს გაიყიდება. ,,არ უნდა წავაგოთ ჩვენი ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – ამბობს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი.