მთავარიგადაცემებიოკეანეევროკავშირი შვედეთს გადაშენების პირას მყოფი ორაგულის დაცვაში ეხმარება

ევროკავშირი შვედეთს გადაშენების პირას მყოფი ორაგულის დაცვაში ეხმარება

ჩრდილოეთ შვედეთის მდინარეებში მობინადრე ველური ორაგული რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გადაშენების პირას იყო მოსული, თუმცა ბოლო წლებში შვედებმა მოახერხეს მისი ხელახლა მოშენება და გამრავლება. მაგრამ ველურ ორაგულს გარკვეული საფრთხე ისევ ემუქრება. ევროკავშირი ცდილობს, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, რათა შეინარჩუნოს თევზის ეს შესანიშნავი სახეობა და გადაარჩინოს მასზე დამოკიდებული ტურიზმი.

ჩრდილოეთ შვედეთის მდინარეებში ველური ორაგულის რაოდენობა წლიდან წლამდე ხან იმატებს და ხან იკლებს, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. და მაინც ამ ღონიერი თევზის ანკესით დაჭერის სურვილი  ჯერ კიდევ იმ დროიდან აქვთ თევზაობის მოყვარულთ მთელი მსოფლიოდან, როდესაც შვედეთმა შეძლო, რომ  რამდენიმე ათეული წლის წინ  გადაშენების პირზე მისული ველური ორაგული ისევ მოეშენებინა.

მაინც როგორ მოახერხეს ჩრდილოეთ შვედეთში ველური ორაგულის დაცვა იმ დროს, როდესაც უამრავ სხვა რეგიონში ეს ვერ შეძლეს?

ნორბოტენის საგრაფო შვედეთის ვრცელი, მეჩხრად დასახლებული ტერიტორიაა, სადაც რეკრეაციული თევზაობა მხოლოდ გასართობი არ არის – მას ეკონომიკური თვალსაზრისით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ყოველ წელს ორაგული მთელი მსოფლიოდან იზიდავს მარკოსა  და პირის მსგავს მეთევზეებს.  ანკესით თევზაობის მოყვარულ ამ ორ ფინელს კიდევ ერთი სათევზაო სეზონი გატარება სურს მდინარე ტურნეელვენზე ადგილობრივ მაიკლ შტაინთან ერთად.

მაილ შტაინი, ორაგულზე თევზაობის გიდი:

“მთავარი ხიბლი ის არის, რომ გქონდეს სუფთა მდინარე, რომელზეც არ დგას ჰიდროელექტროსადგური და  რომელშიც თევზს შეუძლია იცოცხლოს და გამრავლდეს. უნდა გქონდეს ადგილი, სადაც შეგიძლია თევზზე იზრუნო და დაიცვა – აი, ასეთი ადგილი ითვლება ევროპაში ორაგულზე თევზაობისთვის საუკეთესოდ“.

დან ბლუმკვისტმა, ნორბოტენის საგრაფოს თევზის რეწვის უფროსმა სპეციალისტმა, გაგვაცნო, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირს აქაური მდინარეების დაცვასა და აღდგენაში. ველურმა ორაგულმა ბალტიის ზღვაში მიგრაციამდე ამ მდინარეებში იცის ქვირითობა.

დან ბლუმკვისტი, თევზის რეწვის სპეციალისტი, ნორბოტენის საგრაფოს ადმინისტრაციული ორგანო:

“მდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ორაგულისთვის, რადგან ეს არის მათი ქვირითობის ადგილი,  საბავშვო ბაღი და რეპროდუქციის  სივრცე.  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ორაგული მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრე და უბრალოდ მდინარის თევზი არ არის – ეს მათი იდენტობის ნაწილია“.

ორაგულს  ამ მიწაზე ისტორიის, ტრადიციებისა და თევზაობის უძველესი მეთოდების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. მაგრამ 1980-იან წლებში ორაგულის რაოდენობა ისე შემცირდა, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა.

„ორაგულის რაოდენობა დიდი ხნის განმავლობაში  მცირდებოდა,“ – განმარტავს  დან ბლუმკვისტი. „ამის უკან მრავალი მიზეზი იდგა, რა თქმა უნდა, თუმცა მთავარი მაინც ბალტიის ზღვაში თევზის რეწვის მართვის მეთოდი იყო. 30-40 წლის წინ ორაგული, ფაქტობრივად, გადაშენების პირას აღმოჩნდა“.

კრიზისის გამო განგაშის ზარს შემოჰკრეს და მდინარის გაჯანსაღებაზე დაიწყეს ზრუნვა. თევზის მიგრაციას ყველაზე მეტად ჰიდროელექტროსადგურები აბრკოლებს. თუმცა შვედეთში ჰიდროელექტროსადგურების მმართველები ცდილობენ, შეარბილონ ეს მავნე გავლენა. მიგრაციის სეზონზე სადგურის თანამშრომლები კაშხალში მოზრდილ ორაგულებს იჭერენ და მილებში სვამენ, რომლებითაც თევზი ქვირითობისთვის დახურულ თევზსაშენში შედის. პატარა ლიფსიტები თევზსაშენში იზრდებიან და ზრდასრული თევზი ისევ მდინარეში ბრუნდება. ამას სრულყოფილ გამოსავალს ვერ დაარქმევ – თევზსაშენში გაზრდილ თევზს ველურ ბუნებაში გაზრდილის მსგავსი თავის გადარჩენის უნარი არ აქვს. თუმცა ეს ველური ორაგულის გამრავლებაზე არსებულ წნეხს, გარკვეულწილად, არბილებს.

“აშკარაა, რომ ასე გაზრდილ ორაგულს  ველურის მსგავსი ბიოლოგიური ღირებულება არ აქვს, მაგრამ მათზე თევზაობა შესაძლებელია,“ – ამბობს დან ბლუმკვისტი. „ამიტომ რაღაც მნიშვნელობა ნამდვილად აქვთ, რადგან რაკი მათზე თევზაობა შესაძლებელია, ველურ ორაგულზე ეს წნეხი მცირდება“.

ნორბოტენის მდინარეები, ერთი შეხედვით უნაკლო ჩანს, თუმცა ეს ცრუ შთაბეჭდილებაა. ხე-ტყის გადაზიდვით დაკავებულმა ადამიანებმა ამ მდინარეებს კალაპოტი შეუცვალეს, ხე-ტყის დაცურების მიზნით მდინარის ზოგიერთი მოხვეული ადგილი გაშალეს,  მისი ფსკერი კი მოასწორეს. ორაგულით სავსე ქვირითობის ადგილები  ხე-ტყის გადასაზიდ უსიცოცხლო არხებად იქცა, რომლებიც ორაგულის რთულ სასიცოცხლო ციკლში უხეშად იჭრება.

ამჟამად უკვე ცდილობენ მიყენებული ზიანის გამოსწორებას. მდინარის აღმდგენი ჯგუფები წყალში დიდ ქვებს აწყობენ, რათა თევზისთვის აღადგინონ ისევ იდეალური პირობები, მაგალითად სხვადასხვა შენაკადი,  წყლის სიღრმე და ჟანგბადის დონე – რაც ორაგულს მდინარეში ცხოვრების პერიოდში სჭირდება. ეს სამუშაოები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის TRIWA LIFE -ის  ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც დან ოიანლატვა ხელმძღვანელობს.

დან ოიანლატვა, პროექტ TRIWA LIFE-ის კოორდინატორი:

“ჩვენ უკვე გვაქვს შედეგი ზოგიერთ მდინარეში, რომლებიც 2017 წლის შემდეგ აღვადგინეთ. და ახლა ამ მდინარეებში ორაგულის ლიფსიტების რაოდენობა რამდენიმე ასეული პროცენტით მეტია, ვიდრე მანამდე. ასე რომ, აღდგენითმა სამუშაოებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია  ველური ორაგულის გამრავლებაზე“.

ორაგულის გასამრავლებლად კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორია თევზაობის მენეჯმენტი. ადგილობრივ მდინარეებზე უკვე აღარ არის კომერციული თევზჭერა, რეკრეაციული ანკესით თევზაობაც სწრაფად იზღუდება, როცა საჭიროა.

გლენ დუგლასი უწევს ზედამხედველობას მდინარე რონეელვენს. ამ სეზონზე წყალქვეშ დამონტაჟებულმა მოწყობილობამ აჩვენა, რომ ორაგულის რაოდენობა სახიფათოდ შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ შუა ტურისტული სეზონი იდგა, ადგილობრივმა მმართველმა ასოციაციამ თევზაობა სრულად აკრძალა.

გლენ დუგლასი, მმართველო საბჭოს წევრი, მდინარე რონეელვენის  თევზჭერის მენეჯმენტის ასოციაცია:

“წელს სეზონზე ძალიან ცოტა თევზია – მდინარეში თევზი, ფაქტობრივად, არ არის… ტრაგიკული მდგომარეობაა. მრავალი წელი საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ შარშან და წელს მდინარეში თევზი არ მოსულა. ორაგული არ გვინახავს. ორაგული თუ არ იქნა – არც არავინ ჩამოვა ჩვენთან. ეს ნიშნავს, რომ თევზაობის ჰოლისტიკური, დაბალანსებული მენეჯმენტი გვჭირდება მთელ ბალტიის ზღვაში, რომლის სიღრმიდანაც ახლა დაავადება მოჩქეფს, ფაქტობრივად,  და მასში ჩამდინარე შენაკადებში გადადის“.

ბალტიის ზღვას უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის დაბინძურება და ჭარბი თევზჭერა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ორაგულს. მდინარის აღდგენა ნამდვილად კარგი საქმეა, მაგრამ საკმარისი არ არის. ამ ბუნდოვანებას მთელ ადგილობრივ ეკონომიკაზე აქვს გავლენა და საფრთხეს უქმნის გარკვეულ ბიზნესებს, მაგალითად, მდინარე კალიქსეელვენის პირას მდგარ სათევზაო სასტუმროს.

“2010 წელს ახალი რესტორანი ავაშენეთ, რადგან ორაგულის რაოდენობა ძალიან გაიზარდა,“ – ამბობს რობინ ლანდინი, სათევზაო სასტუმროს თანამფლობელი. „თუმცა წლევანდელი და შარშანდელი წელი არც ისე კარგი გამოდგა. ორაგულზე თევზაობის მსურველებს შეუძლიათ, ერთი წლით ადრე დაჯავშნონ ადგილი და აქ დაბანაკდნენ. მაგრამ თუკი ორაგული შემცირდება, გააუქმებენ ჯავშანს და სხვაგან წავლენ, რადგან ორაგული ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის“.

მდინარე კალიქსეელვენის ჩანჩქერზე მიგრაციის უძველესი მარშრუტები თანამედროვე ტექნოლოგიასთან იკვეთება. თევზის კიბე ორაგულის მდინარის აღმა სვლას აადვილებს, ხოლო მასზე დამონტაჟებული მაღალტექნოლოგიური კამერა აქ გასულ თითოეულ თევზს აღნუსხავს.

თევზის რეწვის სპეციალისტები აანალიზებენ ამ კამერის ჩანაწერს, რათა განსაზღვრონ არხში გასული თითოეული თევზის სახეობა, სქესი და ზომა და ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა შექმნან. ეს ბაზა, თავის მხრივ, ბალტიის ზღვაში თევზჭერის მენეჯმენტს აძლევს სწორ მიმართულებას. ბოლო წლებში ორაგულის რაოდენობა მკვეთრად  იზრდებოდა.  თუმცა კლების წლებშიც ორაგული უფრო ჯანმრთელი იყო, ვიდრე 80-90-იანი წლების კრიზისის დროს.

აქაურების საბოლოო მიზანია, შექმნან ისეთი პირობები, რომ ველური ორაგული ნორბოტენის საგრაფოში საბოლოოდ გამრავლდეს და მომავალ თაობებს გადაეცეს.

დან ბლუმკვისტი, თევზის რეწვის სპეციალისტი, ნორბოტენის საგრაფოს ადმინისტრაციული ორგანო:

“იქნება როგორც კარგი, ისე ცუდი წლები, მაგრამ ორაგული ისეთ რაოდენობას შეინარჩუნებს, რომ, ვისაც ტურისტული ბიზნესის დაწყება სურს, იმან უშიშრად მოჰკიდოს ხელი ამ საქმეს. სიცოცხლე უფრო ლამაზი იქნება, როცა გვეცოდინება, რომ ამ მდინარეში ეს უზარმაზარი ვერცხლისფერი რაკეტასავით თევზები ყოველ წელს დაბრუნდებიან, თუნდაც მე სულ არ მიზიდავდეს თევზაობა. ხოლო თუკი ორაგულზე თევზაობა მიყვარს, თქვენ უკვე შეხვდით რამდენიმე ასეთ გადარეულს – იმათ ხომ ძალიან გაუხარდებათ!“

ევროპის მდინარეებმა მხოლოდ 50 წელიწადში მიგრაციული თევზის სახეობების 93 პროცენტი დაკარგეს. თუ მდინარეებს ისევ გავაჯანსაღებთ, ეს ფარფლებიანი მოგზაურები შესაძლოა შინ დაბრუნდნენ.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend