მთავარისაქართველოევროპელი ლიდერების გზავნილები ქართველი ხალხისადმი

ევროპელი ლიდერების გზავნილები ქართველი ხალხისადმი

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. ევროპელი ლიდერები საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს განიხილავენ. დღის წესრიგის ნაწილია საქართველოს საკითხიც.

სამიტის დაწყებამდე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების არაერთმა ლიდერმა გააკეთა. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, წევრი სახელმწიფოები სანქციების თაობაზე მუშაობას აგრძელებენ, რათა „ქართული ოცნების“ ქმედებებს ევროკავშირმა „ძლიერი გზავნილით“ უპასუხოს.

„განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, რათა მთავრობა ვაიძულოთ, არ გამოიყენოს ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ შეავიწროოს ოპოზიცია, რათა გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირიდან. ორშაბათს ვიმსჯელეთ და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების ნაწილზე. გვჭირდება, რომ ამ საკითხზე მუშაობა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი – Copyright European Union, 2024.

„მე ნამდვილად, გულწრფელად საქართველოს მეგობარი ვარ, მაგრამ ის, რასაც ახლა საქართველოში ვხედავ, ძალიან სამწუხაროა. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები, ალბათ, ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა და მის შედეგებს არ აღიარებენ. იქნება მეორე მხარეც, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ იმედს ყველაზე მეტად მიცრუებს მთავრობის განცხადება, რომ ისინი ევროპულ გზას შორდებიან. ქართველი ხალხის 80% ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

„საქართველოში განვითარებული მოვლენებზე ვღელავთ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, უპირველეს ყოვლისა, ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლისაც გვჯერა, ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენ ვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ“, – განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა.

„ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ ისაა, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა. წლებია ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ: ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ. ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოსვლას განაგრძობს. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა და უდავოა, რომ ამ პოზიციაზე ყოფნას გავაგრძელებთ 2025 წელსაც“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend