მთავარისაქართველოქიმია რუსთაველზე - ე.წ. ცრემლსადენი გაზის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ქიმია რუსთაველზე – ე.წ. ცრემლსადენი გაზის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციებზე მაგდას და ცოტნეს ძალიან ბევრი დრო აქვთ გატარებული. „პალიტრა ნიუსის“ ჟურნალისტებს პარლამენტთან ახლოს, იმ ადგილას შევხვდით, სადაც რამდენიმე დღის წინ ორივე მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სხვა დღეების მსგავსად, 3 დეკემბერსაც ისინი დემონსტრაციას პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ. ჟურნალისტი იმ მომენტს იხსენებს, როდესაც ე.წ. ცრემლსადენი გაზის მაღალი კონცენტრაციის გამო სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.

„ვიყავით აი იქ შემაღლებულზე, რომ გადაგვეღო როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სპეცრაზმი. რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ ყველაზე დაძაბულ მომენტში 10 წამის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, – იმდენჯერ, რომ უკვე წარმოუდგენელი ხდებოდა ხილვადობა, აქციის მონაწილეებსაც ვეღარ ვხედავდით. იმის მიუხედავად, რომ სათვალეებიც გვეკეთა და აირწინაღებიც, ჩემს აირწინაღშიც შემოვიდა გაზი. რამდენიმე წამში ვიგრძენი, რომ მიჭირდა სუნთქვა, ვეღარ ვხედავდი და ვიფიქრე რომ წამებში ალბათ გონებასაც დავკარგავდი… ლაივ რეჟიმში ვიყავით, ცოტნე დამეხმარა და შემიშვა სასწრაფოს მანქანაში… ეს მიკროფონი ხელში მეჭირა, მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი, სუნთქვა მიჭირდა”, – ამბობს მაგდა ბლუაშვილი, „პალიტრა ნიუსის” ჟურნალისტი.

„გავაღეთ სასწრაფოს მანქანა და მაგდა ჩავსვით მანქანაში. ამ ქუჩაზეც მომიტინგეები იყვნენ და სპეცრაზმმა დაიწყო ცრემლსადენი გაზის სროლა ამ მიმართულებით, რაღაცას მოხვდა და პირდაპირ ფეხებში ჩაგვივარდა ეს კაფსულა – სასწრაფოს კართან დაეცა. რამდენიმე წამი კი გავძელი, მაგრამ მერე ვეღარ შევძელი გაძლება და დავიწყე სასწრაფოს მანქანაზე კაკუნი – გამიღეთ, ძალიან ცუდად ვარ მეთქი, ჩავიკეცე… აირწინაღი არ მეკეთა იმ მომენტში, თან არ მქონდა – სასწრაფოს მანქანიდან ყვიროდნენ – რომ გავაღოთ, ჩვენც გავიგუდებითო. მაგდას ხმა მახსოვს: ცოტნეა, კარი გაუღეთო.. რაღაც წამებში, როგორც იქნა შემსვეს მანქანაში, ძალიან ცუდად ვიყავი. ექიმები დაგვეხმარნენ მაგრამ მერე ჩვენ გვეკითხებოდნენ, რას შეიცავს ეს კაფსულები. ჩვენც არაფერი არ ვიცოდით. ათი წუთის მონაკვეთში სამჯერ თუ ოთხჯერ მოვხვდი სასწრაფოს მანქანაში, გაზის კაფსულების სროლა არ წყდებოდა, მუდმივად იყო, ყველა მიმართულებით ისროდნენ – ეს ქუჩა იყო, მერიოტის მიმდებარე ტერიტორია, წინ სავსე იყო, ძალიან ბევრი ეყარა ეს კაფსულები, ჟურნალისტებს უჭირდათ უკვე გადაადგილება, ვერ გაჩერდებოდი, ისეთ სიტუაცია იყო”, – ამბობს ცოტნე შაორშაძე.

ე.წ. ცრემლსადენი საშუალებები, იგივე ლაკრიმატორები, სხვადასხვა ნივთიერების სპეციალურ ნარევს წარმოადგენს, თუმცა იმ ნივთიერებების  ზუსტი კომბინაცია, რომლებსაც თბილისის დემონსტრაციების დასაშლელად სპეცრაზმი იყენებს, სპეციალისტებისთვის ცნობილი არ არის.

„გაზს ეძახიან, მაგრამ რეალურად ეს არ არის გაზი, ეს არის ფხვნილი, რომელსაც ან აზავებენ წყალში ან ხდება მისი გაფრქვევა. საუბარია მცირე რაოდენობის წყალზე და არაა ნაკადში შერევაზე, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ ხოლმე როდესაც ხდება შერევა. დღეს ეს საშუალებები გამოიყენება ინსტრუქციის დარღვევით, ისინი უნდა გამოიყენებოდეს შეზღუდული რაოდენობით და კონკრეტული კონცენტრაციის, და არა შეუზღუდავი რაოდენობით, როგორც ამას ვხედავთ. დაუშვებელია ამ საშუალებების გამოყენება დახშულ; სივრცეებში, არადა ვხედავთ მის გამოყენებას სადარბაზოებში ან მიკროავტობუსებში, – ამბობს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამიძე.

როგორი შეიძლება იყოს ზიანი, რომელიც ე.წ. ცრემლსადენი გაზის ხანგრძლივი და არასათანადო გამოყენებით შეიძლება მოგვადგეს?

„ლორწოვანის გაღიზიანება, ტკივილის გამოწვევა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სიბრმავეც გამოიწვიოს, დეზორიენტაცია, თუკი არასწორად იქნა მაღალი დოზით გამოყენება – სასუნთქი გზების დაზიანება. ხორხის დამწვრობა, ფილტვის შეშუპება, თვალის რქოვანას დაზიანება, კუჭ-ნაწლავის სისტემაზე მოქმედებს, . რასაც ჩვენ ვუყურებთ ჩვენს პირობებში, ასეთი ყოველდღიური გამოყენება ნამდვილად სცილდება ყველა რეგულირებას, პროგნოზირებადი ამ ნივთიერებების ეფექტი აღარ არის უკვე”, – განმარტავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ევრონიუსთან ინტერვიუში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც საპროტესტო დემონსტრაციებზე ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების ქცევაზე ისაუბრა:

„პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში”, – წერდა გამყრელიძე.

„ყველაზე საუკეთესო პრევენციაა, რომ არ იქნას გამოყენებული ეს საშუალებები.

რა თქმა უნდა, ჩემს მეხსიერებაში, როცა კი გამოყენებულა ეს ქიმიური ნივთიერებები (არ შევჩერდები 9 აპრილზე, იმიტომ რომ მაშინ სულ სხვა გაზი იყო გამოყენებული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების – ჩვენი მტრების მიერ) ეს იყო-ხოლმე ძირითადად ერთჯერადი ხასიათის და სისტემურად არ ხდებოდა განგრძობითად გამოყენება. ახლა, რამდენიმე დღის განმავლობაში იქნა გამოყენებული ეს საშუალება და რადგან მას კუმულაციური ეფექტი აქვს, იმედი მაქვს, რომ ხდება შემდეგ ამის მორეცხვა შესაბამისი სამსახურების მიერ. ასევე, უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ კარგად გარეცხვა უნდა მოხდეს ამ ტანსაცმლის. იმიტომ, რომ ხანგრძლივად რჩება ეს ნაწილაკები და შეიძლება ისინი მეორადად მოხვდეს სასუნთქ გზებში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა სახიფათო, ვისაც მაღალი რისკი აქვს – ხანში შესულებში ან სასუნთქი დაავადებების მქონეთათვის. სხეული უნდა იყოს კარგად დაფარული, პირბადე N95 სტანდარტის, ან ორი პირბადე. არ არის სასურველი ლინზების ტარება, მათი ხელმეორედ გამოყენება რომ აღარ მოხდეს და აუცილებლად უნდა იქონიონ წყალი ჩამოსაბანად”, – ამბობს გამყრელიძე.

„ჩვენ არ ვიცით ზუსტი დასახელება იმ ნივთიერებების, ან ნარევის, რომელიც გამოიყენება. ამიტომ ვერ ვიტყვით ზუსტად, რამდენი ხანი დარჩება, მაგრამ ფაქტია, რომ რჩება და აკუმულირდება იმ ადგილას. ნაძვის ხის თემაზე იყო საუბარი და ცხადია, რეკომენდებული არ არის ბავშვების იქ მიყვანა, სადაც არსებობს ასეთი ქიმიური დაბინძურება. ნარჩენების გატანა არ უნდა ხდებოდეს ჩვეულებრივი წესით, ამას უნდა ხელმძღვანელობდეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი – უნდა იფუთებოდეს ეს მასალები, რაც ვხედავთ, რომ არ კეთდება”, – ამბობს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.

მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხზე ჩვენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, მაგრამ მათ კომენტარზე უარი გვითხრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend