მთავარისაქართველო„ის, რაც ბოლო 12 დღეა ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს” - ევროკავშირის ელჩი

„ის, რაც ბოლო 12 დღეა ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს” – ევროკავშირის ელჩი

„ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და გაოგნებული ვართ ძალადობით“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. მან აღნიშნა, რომ ის, რაც საქართველოში ბოლო 12 დღეა ხდება, ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას მოითხოვს. ელჩის განცხადებით, სანქციები უკვე მზადდება და მათი ამოქმედება ბლოკის წევრი 27 სახელმწიფოს ერთსულოვან ნებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ეს საკითხი მომდევნო კვირაში უნდა გადაწყდეს.

„ნება მომეცით, ევროკავშირის სახელით ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩაში და გვესმის მათი ხმა. გაოგნებულები ვართ ძალადობით. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის უკეთესი მომავალი სურს. საქართველოს მოქალაქეებს სურთ, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. გასულ კვირას ბრიუსელში ვიყავი, მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ევროკავშირის 27 ელჩთან, შევხვდი ჩემს ახალ კოლეგებს.

მომდევნო ორშაბათს, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. საქართველოს საკითხს ხელახლა განიხილავენ მომდევნო კვირის ბოლოსაც წევრი ქვეყნების მეთაურებისა და მთავრობების დონეზე. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები. ეს ყველა დემოკრატიას ახასიათებს, მაგრამ ძალადობა და სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ კვირას. ვფიქრობ, უმრავლესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ბლოკის ინსტიტუტებში, მივაღწიეთ ეტაპს, როცა მოქმედებაა საჭირო“, – განაცხადა პაველ ჰერჩისნკიმ.

პაველ ჰერჩისკიმ თქვა ისიც, რომ ის, რაც ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, სრულიად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა. როგორც ის ამბობს, ევროკავშირი ყველა ზომას განიხილავს.

„ყველა ზომას განვიხილავთ. საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა პრივილეგირებული ურთიერთობა ევროკავშირთან. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ბოლოს, საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად შეუსაბამოა ამ ყველაფერთან და ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან ბოლო 10 წლის განმავლობაში აკავშირებდა, უნდა გადაიხედოს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩისნკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend