სირიაში ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი მმართველობა, რომელსაც რუსეთი, ირანი და ლიბანის „ჰეზბოლა“ უჭერდნენ მხარს, დაემხო.
ამის შესახებ სირიელმა მეამბოხეებმა გუშინ, 8 დეკემბერს, განაცხადეს. მათი თქმით, სირიის დედაქალი დამასკო ასადისგან თავისუფალია. სირიელ მეამბოხეთა ყველაზე დიდი დაჯგუფების ლიდერის, ჰაიატ თაჰრირ შამის, თქმით, მათ გაათავისუფლეს რეჟიმის მოწინააღმდეგე ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომლებსაც ციხეში აწამებდნენ და ხოცავდნენ.
13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, პროთურქულმა და სხვა ოპოზიციურმა სამხედრო ძალებმა სირიის სამთავრობო ძალებზე მოულოდნელი შეტევა დაიწყეს. სამხედრო ოპერაციის შედეგად 30 ნოემბერს მათ აიღეს სირიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ალეპო, რომელზე იერიშიც მათ ბოლოს, 2016 წელს, სცადეს. მედიის ინფორმაციით, ქალაქი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაეცა. პირველ დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და ქალაქ ალეპოზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სირიის სამთავრობო ძალები ამბობენ, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 400 ამბოხებული დახოცეს. ბაშარ ალ-ასადს მხარდაჭერა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმაც გამოუცხადა. ამბოხებულები დედაქალაქისკენაც დაიძრნენ. მსგავსი წინსვლა 2018 წლის შემდეგ მათ არ ჰქონიათ.
ბაშარ ალ-ასადმა დამასკო ქალაქის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. თავდაპირველად სირიელმა მაღალჩინოსნებმა ეს ინფორმაცია უარყვეს, თუმცა მალე სამთავრობო მედიამაც დაადასტურა. ასადი გაემგზავრა მოსკოვში, სადაც, რუსული მედიის ინფორმაციით, ის და მისი ოჯახი თავშესაფარს მიიღებენ. თუმცა ამერიკულ მედიაში ამბობენ, რომ ასადი თვითმფრინავით მგზავრობისას აფეთქდა.
ასადის რეჟიმის დამხობას სიხარულით შეხვდნენ როგორც სირიაში, ისე მის საზღვრებს მიღმა. სირიელი ლტოლვილები შეიკრიბნენ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, აგრეთვე, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთში.
„სირიის ციხეში ორ თვეზე მეტი გავატარე, მაწამებდნენ. იძულებული გავხდი, ქვეყანა დამეტოვებინა, ლტოლვილად ვიქეცი. თავდაპირველად, 10 წელი მომიწია თურქეთში ყოფნა, ახლა საფრანგეთში ვარ. 2011 წლიდან ჩემი ოცნება იყო, ეს დღე დამდგარიყო. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ საბოლოოდ ამას მივაღწევდით“, – ამბობს ტჰაბეტ ფარედი, სირიელი ლტოლვილი.
მოვლენებს გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროპელი ლიდერები.
„საბოლოოდ ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და დახოცა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დამხობა არის სამართლიანი ფუნდამენტური აქტი. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ტანჯული სირიელებისთვის, რათა თავიანთ ქვეყანას უკეთესი მომავალი შეუქმნან“. – ამბობს ჯო ბაიდენი.
„ასადის რეჟიმის დასრულებას მივესალმები. სირიელ ხალხს ამ სასტიკ რეჟიმთან შეგუება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უწევდა. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ რეგიონულ მოკავშირეებთან. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს პოლიტიკური ნება სირიაში სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. მთავარია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და უმცირესობები ამ პროცესში დაცული იყვნენ. მოხარული ვართ, რომ ასადის მმართველობა დასრულდა“, – ამბობს კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
სირიელ ამბოხებულებს შეუერთდნენ სირიელი ქურთებიც. ქვეყნის მასშტაბით აჯანყებულმა მოსახლეობამ ბაშარ ალ-ასადისა და მისი მამის ძეგლებიც გაანადგურეს. გუშინ, 8 დეკემბერს, სირიის დედაქალ დამასკოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს ისრაელის საჰაერო ძალებმაც, თუმცა თავდაპირველად, ისრაელი ამ ინფორმაციას უარყოფდა. განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანიმ და მოუწოდა მსოფლიოს დაეხმარონ სირიის სტაბილიზებაში.