ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გრძელდება. მინისტერიალის მეორე დღეს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კვლავ უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის აგრესიაა.
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელგიის დედაქალაქში განიხილავენ ჩინეთიდან მომავალ საფრთხესაც.
„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის მტრული მოქმედებების ესკალაციის კამპანიას ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი, და ასევე ჩინეთი, საბოტაჟისა და კიბერდანაშაულის გზით ნატოს ქვეყნების დესტაბილიზაციას ცდილობენ, და რა თქმა უნდა, ცდილობენ ენერგიის იარაღად გადაქცევას ჩვენს სისტემებს შორის ბრძოლაში. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ დავიცავთ თავს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
#NATO Allies discussed what more we can do to provide critical ammunition and air defences for #Ukraine.
We must do more than just keep #Ukraine in the fight.
We must provide enough support to change the trajectory of this conflict. #ForMin pic.twitter.com/7zotzjuU5G
— Mark Rutte (@SecGenNATO) December 4, 2024
„ძალიან მნიშვნელოვანია, გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები, განსაკუთრებით, ნატოს მოკავშირეებისთვის. დიდ ბრიტანეთში ჩვენ ახლა 2.3%-ზე ვართ და 2.5%-მდე მივდივართ იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოვუწოდებთ ყველა ნატოს წევრ მოკავშირეს, სერიოზულად მოეკიდონ თავდაცვის ხარჯებს. მთელი ჩვენი მოსახლეობა მოითხოვს, რომ გავიაზროთ უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ამჟამად ვდგავართ“, – აღნიშნავს დევიდ ლემი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კომენტარი გააკეთეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც. ისინი 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან.
„ნატოს ქვეყნებში ვგმობთ ყოველგვარ ჩარევას თავისუფალ არჩევნებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მოხდა მოლდოვაშიც. ძალიან კმაყოფილი ვართ შედეგით, რადგან ჩარევა ცხადი იყო, თუმცა მოლდოვის ხელისუფლებამ მაინც შეძლო არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარება. რაც შეეხება საქართველოს: რა თქმა უნდა, ის, რაც საქართველოში ხდება, გვაწუხებს. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ევროკავშირსა და ნატოსთან. ჩვენ ნამდვილად ვღელავთ და ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას, ეს მიუღებელია“, – ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.
„რთული სათქმელია, რა არის ჰიბრიდული. ჰიბრიდულია ყველაფერი, რასაც რუსეთი იყენებს, რათა მეზობელი ქვეყნების მთავრობებსა და არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, თუმცა სამწუხაროდ აშკარა, რომ მმართველი პარტია ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ არ მიუძღვის. მიუძღვის სხვა მიმართულებით, რუსეთისკენ. ზუსტად როგორია კავშირები, პოლიტიკური თუ უკავშირდება ბიზნესს, რთული სათქმელია, თუმცა ეს ძალიან სამწუხაროა. ესტონეთი ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერას ძალიან ცხადად გამოხატავს“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ისინი ცდილობენ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადაიყვანონ. გულწრფელად რომ გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია. ეს იმ ყველაფრის ბუნებრივი შედეგია, რასაც ისინი აკეთებდნენ. ეს ძალიან ცალსახა გზავნილი იყო ქართველი ხალხისთვის და სწორედ ამიტომ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ. როდესაც საქმე სანქციებს ეხება: იმგვარი ძალადობა, რომელიც პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენება, მიუღებელია. და ეს პირველად არ ხდება და ვფიქრობ, სულ მცირე, გზავნილი მაინც უნდა გვქონდეს. მიხარია, რომ ბალტიის ქვეყნები ვთანხმდებით კონკრეტულ სიაზე, რომელიც გამოქვეყნდა. ვიცი, რომ ეს სიმბოლურია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ევროკავშირს იმავეს გაკეთებისკენ უბიძგებს”, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა