რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა, ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ნაკლებად ცნობილმა ულტრამემარჯვენე პოპულისტმა კელინ ჯორჯესკუმ არჩევნების პირველ ტურში თითქმის 23 პროცენტი მოიპოვა და რუმინეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მარჩელ ჩოლაკუს გაუსწრო.
თუმცა ეს ხმები საკმარისი არ არის, რომ ჯორჯესკუ პრეზიდენტი გახდეს. სწორედ ამიტომ 8 დეკემბერს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ულტრამემარჯვენეთა წარმომადგენელი კალინ ჯორჯესკუ , რეფორმატორ ელენა ლასკონის დაუპირისპირდება, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში, 19, 17 % აიღო და მეორე ადგილზეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კელინ ჯორჯესკუ წარსულში აქებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, როგორც „ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა“ , ხოლო უკრაინას „გამოგონილ სახელმწიფოს“ უწოდებდა.
ელენა ლასკონმა კი, რომელიც პროგრესული პარტიიდანაა, სახელწოდებით „რუმინეთის ხსნის კავშირი“ განაცხადა, რომ რუმინეთი ახლა “ისტორიულ დაპირისპირებაშია წარსულსა და მომავალს შორის”.
“დღეს ჩვენ მოულოდნელად აღმოვჩნდით ისტორიულ დაპირისპირებაში წარსულსა და მომავალს შორის, რუმინეთის ახალგაზრდა დემოკრატიის შენარჩუნებასა და პუტინიზმს შორის, ქვეყნის მოყვარულთა და მათ შორის, ვისაც რუმინეთის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება სურს. კალინ ჯორჯესკუ არის ვლადიმერ პუტინის ღია თაყვანისმცემელი. ის ღიად ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირს. ის რუმინეთის იზოლაციის მომხრეა, რასაც თავად ნეიტრალიტეტს უწოდებს. ნატოს გარეშე კი ჩვენ რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ვართ. მე ამას ვამბობ ხმამაღლა და მთელი გულით, ვამბობ მილიონობით რუმინელის სახელით, რომლებიც თავს ევროპული ოჯახის ნაწილად გრძნობენ. პატრიოტმა რუმინელებმა ისტორიაში ბევრჯერ გაუწიეს წინააღმდეგობა რუსეთს და ჩვენ წინააღმდეგობას ახლაც გავუწევთ“,- ამბობს, ელენა ლასკონი რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი.
ამ ბრალდებებს, ულტრამემარჯვენე ლიდერმა, კელინ ჯორჯესკუმ ცრუ უწოდა და განაცხადა, რომ ის რუმინელ ხალხს ემსახურება
„ არ არსებობს პირველი და მეორე ადგილი. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია ეს რუმინელი ხალხია. და როგორც ვთქვი, ხალხი ყოველთვის უნდა იყოს, პირველ ადგილზე. მე მადანაშაულებენ ექსტრემიზმში, ახლო თუ შორეულ ქვეყნებთან კავშირში. ეს კი სიცრუეა. მთელ ჩემს გულს, ჩემს ცხოვრება ვუძღვნი რუმინელ ხალხს. არ არსებობს აღმოსავლეთი და დასავლეთი, არსებობს მხოლოდ რუმინეთი. და ჩვენი ხალხის სიმშვიდე, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა ნეიტრალიტეტიდან მოდის. ამიტომ დღეს ჩვენ გვჭირდება სოციალური სიმშვიდე. ჩვენ არ უნდა ავირჩიოთ თუ ვის მხარეზე ვართ. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, რუმინეთის მხარეზე უნდა ვიყოთ, კონკრეტულად კი ვიზრუნოთ ხალხსა და ჩვენს საჭიროებებზე“, – ამბობს, კელინ ჯორჯესკუ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
ბევრი დამკვირვებელი კელინ ჯორჯესკუს წარმატებას არჩევნების პირველ ტურში მის ტიკ-ტოკ ანგარიშს უკავშირებს, რომელსაც 3 მილიონზე მეტი მოწონება აქვს, და ჰყავს 274 000 გამომწერი. ბოლო კვირებში მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.
რუმინეთის 35-წლიანი პოსტკომუნისტური ისტორიის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც ქვეყნის ყველაზე ძლიერ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არ ჰყავს კანდიდატი საპრეზიდენტო რბოლის მეორე ტურში, რაც ხაზს უსვამს ამომრჩეველთა წინააღმდეგობას არსებული მმართველობის მიმართ.
ორშაბათს, შედეგების გაგების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე კი რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 1 დეკემბერს ქვეყანაში ახალ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.