მთავარისაქართველო“ეს შეკრება უკანონოა” - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

“ეს შეკრება უკანონოა” – მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

ოპოზიციის ბოიკოტის, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიუხედავად, რომელიც ამბობს, რომ დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, მე-11 მოწვევის პარლამენტმა, პირველი სხდომა გამართა. ამ სხდომაზე ქართული ოცნების 89 დეპუტატმა პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

პირველი სხდომა პრეზიდენტს არ დაუნიშნავს. სალომე ზურაბიშვილი სხდომას არაკონსტიტუციურად მიჩნევს და მის მოსაზრებას სამი არგუმენტით ამყარებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებამ პარლამენტის შეკრების ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ კონსტიტუცია პარლამენტის პირველი სესიის მოწვევაზე მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებას ცნობს. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

პარლამენტს არალეგიტიმურად, არჩევნებს კი, გაყალბებულად მიიჩნევენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს არჩევანის თავისუფლებას ართმევს.

„ის, რომ მათ უწევთ, იქ მარტო იყვნენ, პოლიციის კორდონით დაცულები შეიპარონ, არ ჰქონდეთ ლეგიტიმაცია არც საკუთარი ხალხისგან, არც პრეზიდენტისგან, არც საერთაშორისო საზოგადოებისგან, არის მათი სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. და ეს ტრაგედია ქართველმა ხალხმა უნდა დავასრულოთ“, – ამბობს ლევან ცუცქირიძე, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

„სპეცრაზმის დაცვით საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტნენ და ამ რიტუალით, რასაც ახლა აღასრულებენ, თითქოს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციას მიიღებენ. ვერ მიიღებენ! ხომ ხედავთ, ამოიკითხეს სია. ჩვენ, ოპოზიცია, გარეთ ვდგავართ. ისინი შიგნით არიან. იმიტომ, რომ ამ პარლამენტს, რომლის შეკრებისთვისაც ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს, გამორიცხულია, რომ რაიმე ლეგიტიმაცია გააჩნდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს. ვდგავართ ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად და ბუნებრივია, ასე გავაგრძელებთ. ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება“, – ამბობს ბექა ლილუაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი.

დღევანდელი სხდომის კანონიერებას, და ზოგადად, 11-ე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ კონსტიტუციონალისტებიც.

„ამ შემთხვევაში 150-ივე დეპუტატის არჩევის კანონიერებაზე მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ, ეს შეკრება უკანონოა. პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების დღევანდელი ცნობა უკანონოა. ეს ძალაუფლების მითვისებაა. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, ფეხქვეშ გათელოს ის კანონმდებლობა, რომელიც, სხვათა შორის, მისივე მიღებულია და ცნოს პარლამენტის უფლებამოსილება მაშინ, როდესაც ამის უფლება არ აქვს“, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ახალი პარლამენტის მიერ დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

„საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად 150 წევრის არჩევის კანონიერება. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი. ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში“, – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს. კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, დადგენილების პროექტში, ასახავს არჩეული დეპუტატების სახელებს უფლებამოსილების ცნობის მიზნით. დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში“, – ვკითხულობთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

მიუხედავად ამისა, ახალი პარლამენტი ერთპარტიული შემადგენლობით იწყებს მუშაობას და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend