ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიის კითხვებს უპასუხა ევროკომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში.
ჯოზეფ ბორელმა საქართველოს თაობაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროპელი დიპლომატები მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. მისივე თქმით, თავად მინისტრებს შესთავაზებს, გაიყინოს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება და ეს ფული მიემართოს სამოქალაქო სექტორისკენ.
“ჩემი შეთავაზებაა, რომ შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენაა მიმართული. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის გადაეცეს ხელისუფლებას, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ანუ ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მათ განაგრძონ ბრძოლა სამართლიანი არჩევნებისთვის”, – განაცხადა ბორელმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გამოძიება თუ რა მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე.
„ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება. ის რაც მოხდა, უნდა შეფასდეს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის. ჩვენ თავიდანვე ვთხოვდით საქართველოს ხელისუფლებას, გაერკვია ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო საჩივრებთან. ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება“, – დასძინა ბორელმა.