მთავარისაქართველოდებატები ევროპარლამენტში და კრიტიკა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ

დებატები ევროპარლამენტში და კრიტიკა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ

13 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ იმსჯელეს. განხილვისას სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტარები და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, როგორსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან ელიან.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ვიდრე ხელისუფლება საგარეო კურსს არ შეიცვლის, ეს მოცემულობა უცვლელი დარჩება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასიმ დისკუსიისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ე.წ. „გამჭვირვალობისა“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონები.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, როგორსაც ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყნისგან ველით. არჩევნების შემდეგ ათასობით მოქალაქემ მშვიდობიანი დემონსტრაციები გამართა და საარჩევნო პროცესის ამგვარად წარმართვა გააპროტესტა. ამ აქციებზე ხალხი ევროკავშირის დროშას აფრიალებდა. როდესაც ჩვენ დემონსტრაციის მონაწილეთა ხელში ევროკავშირის დროშებს ვხედავთ, ვიცით, რომ ეს ამბავი ჩვენც გვეხება.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ ყველაფრის ფონზე, ფაქტობრივად შეჩერებულია. და ეს ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოში.

მთავრობამ უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმებისადმი, მათ შორის მზაობა იმ ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს შესთავაზა. აგრეთვე, „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონები უნდა გაუქმდეს. საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. პირობები მკაფიოა და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასიმ.

ევროპარლამენტარების ნაწილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. განცხადებები ისმოდა საარჩევნო პროცესში რუსეთის ფედერაციის შესაძლო ჩარევის შესახებაც.

„კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ. ისინი ამას ეცადნენ უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში. საქართველოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ მკაფიონი უნდა ვიყოთ – საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ამ შედეგებს. „ქართულ ოცნებას“ არ გაუმარჯვია და ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეჩერებულია და ეს ასე დარჩება. ჩვენ დაგვჭირდება იმაზე მსჯელობაც, იმსახურებს თუ არა ქვეყანა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. აგრეთვე, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევები უნდა განვიხილოთ, როგორც რუსეთის ფედერაციის მცდელობა ქართველ ხალხს წაართვას ნება, თავად გადაწყვიტონ, რა სურთ. რუსეთი ამას ცდილობს საქართველოში, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. მოსკოვი ცდილობს, დათესოს ომის შიში, გაავრცელოს დეზინფორმაცია და ხელი შეუშალოს მოქალაქეებს, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

მოლდოვაში რუსეთის მცდელობა არ იყო შედეგის მომტანი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიის მხარდაჭერა დასავლეთ ბალკანეთში. ვაღიაროთ, რომ გვქონია „ქართული ოცნების“ მსგავსი შემთხვევები, რომლებიც პროევროპულობას იბრალებს, მაგრამ რუსეთის მეთოდებს იმეორებს. ჩვენ საქართველოში რეალურ ევროპულ მოძრაობას უნდა დავუჭიროთ მხარი და მივცეთ ქართველებს საშუალება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი“, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა დავორ ივო სტირმა.

ევროპარლამენტში გამართული დებატებისას რამდენიმე გამომსვლელმა საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების”, მხარდამჭერი განცხადებებიც გააკეთა. მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების დარღვევების გარეშე ჩატარდა და შესაბამისად, შედეგებიც ლეგიტიმურია.

„„ქართულ ოცნებას” აქვს ჩემი პარტიის, სლოვაკეთის პარტია „სმერის“, მსგავსი პროგრამა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რადიკალურ ლგბტ იდეოლოგიას და მაიდნის მსგავს რევოლუციებს, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს. ჩვენ გვაქვს პროგრესირებადი ტოტალიტარიზმი, სადაც თავისუფლად აზრის გამოთქმა არ შეიძლება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, რომლის უკანაც დასავლური ძალები იდგნენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. დემოკრატია დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ. ახლა ისინი ნერვიულობენ, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ მათ ოცნებებს ბოლო მოუღო”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამართული დებატები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend