რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ დაკავებული ადგილობრივი ოპოზიციონერი ლიდერები პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ამას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი მწვავე პროტესტი, ხიდებისა და მაგისტრალების გადაკეტვა.
აფხაზეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ყველა შეთანხმება, ყველა კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იღებს ანექსიისკენაა მიმართული. მისივე თქმით, 15 ნოემბერს სოხუმში ისევ მოსალოდნელია დიდი დაპირისპირება, რადგან დე-ფაქტო პარლამენტი ე.წ. კანონის – რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების შესახებ, საბოლოოდ მიღებას შეეცდება.
“15 ნოემბრისთვის რატიფიკაციაა [რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმების] დაგეგმილი, მთელი მზადება ახლა აქეთკენაა მიმართული. დაპატიმრებულები გუშინ საღამოს გამოუშვეს, ხიდები გახსნილია, მაგრამ დიდი მუშაობა მიდის, რომ 15 ნოემბერს სოხუმში ისევ, ალბათ, ძალიან დიდი ამბები განვითარდება, ე.წ. ოპოზიცია და საზოგადოება შეეცდება, რომ ინვესტიციების შესახებ ე.წ. კანონის მიღებას ხელი შეუშალოს.
აპარტამენტების შესახებ ე.წ. კანონპროექტს, რომელიც გაწვეულია, თუ წაიკითხავთ ნახავთ, რომ აპარტამენტები მრავალფუნქციური კომპლექსია. აქ [ახალ ე.წ. კანონში] წერია, რომ ეს აპარტამენტი არაა, მაგრამ მრავალფუნქციური კომპლექსია. სახელი რომ გადაგარქვან, ხომ იგივე იქნებით? ეს არ გაატარა აფხაზურმა საზოგადოებამ, დე-ფაქტო ხელისუფლებას ძალიან მკაცრად და აქტიურად დაუპირისპირდა.
თან აქ საფრთხე კიდევ რაშია: იქ 10 000 აპარტამენტზე იყო საუბარი. აქ კი რაოდენობა განსაზღვრული არაა, შეიძლება უსასრულოდ, ათეულ ათასობით ასეთი კომპლექსი აშენდეს, რომელიც რუსეთის საკუთრებაში გადავა. ცხადია, რომ ასეთი კომპლექსები ზღვის სანაპიროზე შენდება, რუსეთს ამ ეტაპზე აინტერესებს, ეს სანაპირო აითვისოს, თავიდან ბოლომდე ხელში ჩაიგდოს და მისი საკუთრება გახადოს.
როგორ განვითარდება მოვლენები? ე.წ. კანონის [აპარტამენტების შესახებ] გატანის წინა დღეებში რომ იყო, იმაზე უფრო დიდი უკმაყოფილება ახლაა. ზეგ, 15 ნოემბერს ძალიან დიდ შეტაკებას, ძალიან დიდ წინააღმდეგობას ველოდები. ვერ ვიტყვი, იქნება მიღებული, თუ არა, ამის თქმა ძალიან ძნელია. ამის მიღების შემთხვევაში განხორციელება სჭირდება. განხორციელების ეტაპზეც დიდი წინააღმდეგობა იქნება. წინ დე ფაქტო არჩევნებია. ე.წ. ოპოზიცია ამას კარგად გამოიყენებს. ე.წ. ოპოზიცია ბჟანიას სთავაზობს, რომ დაელოდოს ე.წ. არჩევნებს, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს და ამ პროგრამით გამოვიდეს (ანუ ე.წ. კანონი ინვესტიციების შესახებ, ე.წ. საკონსტიტუციო კანონი, აპარტამენტების თემა), თუ საზოგადოებისგან მხარდაჭერას მიიღებს, მაშინ წინააღმდეგობა შეწყდება. თუ ეს ყველაფერი მიღებული იქნება, ბჟანია მინიმუმ ე.წ. ხელისუფლებას დაკარგავს, თუ ახლა არა, გაზაფხულზე მაინც”, – აცხადებს ჯემალ გამახარია.
აფხაზეთის საზოგადოება აპროტესტებს კანონის მიღებას, რომლითაც რუსებს შეღავათიანი პირობებით შეეძლებათ “ინვესტიციების” განხორციელება.
ამ კანონის მიღება რუსეთის მკაცრი მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს. მომდევნო განხილვა და ე.წ. კანონის რატიფიცირება დე-ფაქტო პარლამენტში, 15 ნოემბერსაა დაგეგმილი.
ალეკო გვეტაძე