მთავარისაქართველოსაქართველოში შიდა მიგრაცია ყოველწლიურად იზრდება

საქართველოში შიდა მიგრაცია ყოველწლიურად იზრდება

დედაქალაქი, მრავალ მიზეზთა გამო, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ყველაზე მიმზიდველ ცენტრად რჩება. წლების განმავლობაში თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული მოქალაქეების ხარჯზე იზრდება.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

40 წლის ზაქარია გოგილაშვილი სწავლის გაგრძელების მიზნით 1990-იანი წლების ბოლოს გადმოვიდა თბილისში და მას შემდეგ დიდი ქალაქის ნაწილი გახდა. ამბობს, რომ დედაქალაქში დაფუძნება თავდაპირველად გადაწყვეტილი არ ჰქონდა.

„თბილისში დაფუძნება არ მქონდა გადაწყვეტილი. სოფლის რთული ცხოვრებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აქ მესწავლა და ამიტომ გადმოვედი თბილისში. წავედი ქირით საცხოვრებლად. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი. რაც შემხვდებოდა და სადაც მიმიღებდნენ, ყველგან ვმუშაობდი. იმისთვის, რომ სამსახური და ჩემი შემოსავალი მქონოდა“, – ამბობს ზაქარია.

მისი თქმით, ეკონომიკური პრობლემების მეტ-ნაკლებად გადალახვისა და ქირით მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ საცხოვრებელი სახლის შეძენას შეეჭიდა, რაც მისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

„ათი წლის განმავლობაში ვიცხოვრე ქირით. წინსვლებიც მქონდა ცხოვრებაში, დაწინაურებები. ვარჩიე სესხი ამეღო და საკუთარი ბინა მეყიდა, ვიდრე ვყოფილიყავი ქირით, რომელიც დაკარგულია – ფულიც და დროც. გამოჩნდა ეს სახლი, იაფი ვარიანტი და ვიყიდე ბანკის სესხით. შემდეგ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, სესხს გადახდა გამიპრობლემდა. გამეწელა და ახლა 10-ის მაგივრად 15 წელი ვიხდი. ამის მიუხედავად არ ვნებდები და ცხოვრება გრძელდება“,- აღნიშნავს ის.

ზაქარიას მსგავსად, თბილისში სწავლის მიზნით გადმოვიდა მაგდა ცერცვაძე და შემდეგ დედაქალაქში დარჩა. მაგდას ახლა სტაბილური სამსახური, შესაბამისად, საკუთარი შემოსავალი აქვს. თუმცა, იხსენებს განვლილ პერიოდს.

დედაქალაქში დაფუძნების პრობლემებს შორის მაგდა დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო საკითხებზე საუბრობს. ყურადღებას კი საცხოვრებელი ბინის ქირისა თუ ყიდვის მაღალ ფასებზე ამახვილებს.

„რეგიონიდან თბილისში ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი იყო უმაღლესში სწავლის გაგრძელება. ჩემს ქალაქში არ იყო შესაბამისი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, რომ ეს განათლება იქ მიმეღო, საიდანაც ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც დავდექი, იყო ადაპტაცია და ეკონომიკური საკითხები. ასევე ძნელია რამდენიმე ტრანსპორტის ცვლილებაც. საცხოვრებელი ბინის დაქირავებისა და ყიდვის ფასიც იმდენად არის მომატებული, რომ სტუდენტისთვის და ზოგადად, ახალგაზრდისთვის ძალიან რთულია, თუ მას არავინ ეხმარება. თუმცა, მაინც შესაძლებლობები მეტია აქ რეგიონებთან შედარებით“, – ამბობს მაგდა ცერცვაძე.

დედაქალაქში მრავალფუნქციური კორპუსების განუწყვეტელი მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სახლები, ახალ მაცხოვრებლებს ელიან, რომლებიც ალბათ ისევ საქართველოს რეგიონებიდან იქნებიან, მეტი შესაძლებლობებისა და განვითარების იმედით.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend