დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება. წინასწარი მონაცემებით ის ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდა და მალე უწევს პრეზიდენტობის ოფიციალური პირველი დღე, რომლის შესახებაც რესპუბლიკელი კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრს ლაპარაკობდა.
ტრამპი არ ერიდებოდა ამას და პირდაპირ აცხადებდა, რომ ხელახლა გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის იქნება „დიქტატორი მხოლოდ ერთი დღით“- ეს მან შარშან აიოვაში თქვა. და როგორც ამბობს სწორედ ამ დღეს გამოიყენებს რევანშისთვისაც…Fox News-ის ჟურნალისტს, შონ ჰანიტის დონალდ ტრამპმა პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ის გამოიყენებს ძალაუფლებას შურისძიებისთვის, ოღონდ ეს მხოლოდ პრეზიდენტობის პირველ დღეს მოხდება.
ტრამპი ამბობდა, რომ პირველივე დღეს გაათავისუფლებს თეთრი სახლის მრჩეველ ჯეკ სმიტს, რომელმაც მისი თქმით „ორ წამში“ აღძრა მის წინააღმდეგ ორი ფედერალური საქმე. ასევე პირველ დღეს ტრამპი აპირებს დასაჯოს პროკურორები და მოსამართლეები. ასევე შეიწყალოს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული პირები, თუმცა არა ისინი, ვისაც მისი თქმით „ზედმეტი მოუვიდა“… ცნობისთვის, ფედერალურმა სასამართლომ ამ საქმეზე ბრალი წაუყენა 1530-ზე მეტ პირს, რომელთა ნახევარზე მეტი აღიარებს დანაშაულს.
კიდევ ერთი საკითხი ტრამპის პირველი დღის განრიგში „ახალი მწვანე შეთანხმების“ დასრულებაა. რესპუბლიკელი კანდიდატი ხშირად იყენებდა წინასაარჩევნოდ დემოკრატების ადმინისტრაციის გაკრიტიკების საბაბად საკანონმდებლო ინიციატივას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქვეყნის შიდა რეგულაციების თაობაზე, რომელსაც სინამდვილეში თავად დემოკრატმა კონგრესმენებმა არ მოაწერეს ხელი. ტრამპი აპირებს პირველივე დღეს გააჩეროს ქარის ელექტროსადგურების პროექტები, რადგან მისი თქმით ისინი „ვეშაპებს კლავენ“. ეს ინფორმაცია მოგვიანებით ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ უარყო.
ასევე, ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდა, რომ მასობრივი დეპორტაციების დაწყებას პრეზიდენტობის პირველივე დღეს აპირებს. ტრამპი ამომრჩეველს დაჰპირდა რომ მილიონობით მიგრანტს გააძევებს ქვეყნიდან და ამისთვის გამოიყენებს როგორც სამართალდამცველებს, ასევე ეროვნულ გვარდიას. ლეგალური საიმიგრაციო სტატუსის გარეშე ამერიკაში დღეს 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამერიკის საიმიგრაციო საბჭოს ახალი ანგარიშის მიხედვით, თუნდაც 1 მილიონი უსაბუთო მიგრანტის დეპორტაცია წელიწადში 88 მილიარდ დოლარზე მეტი ჯდება, რაც ჯამში 967,9 მილიარდი დოლარია.
კიდევ ერთი დაპირება, რომელზე მუშაობასაც ტრამპი პირველივე დღეს აპირებს, პრინციპში ეწინააღმდეგება მისი კამპანიის ძირითად ხაზს. მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა მიგრაციის პრობლემის მიმართ, ტრამპს სურს რომ ამერიკული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს მწვანე ბარათები დაურიგოს. მას მიაჩნია, რომ მწვანე ბარათი დიპლომის ნაწილი უნდა იყოს და ამერიკა არ უნდა უშვებდეს ქვეყნიდან ჰარვარდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სხვა უდიდესი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს.
ტრამპს პირველი დღის განრიგში არ აქვს მსოფლიოში უდიდესი კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხი. თუმცა, მისი ცნობილი განცხადების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ომს ზუსტად 24 საათში დაასრულებდა, რადგან კარგად იცნობს როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე ვლადიმერ პუტინს.
ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული. ინაუგურაცია იანვარში გაიმართება და სწორედ იანვარში უწევს ტრამპის პრეზიდენტობის პირველი დღე, რომელზეც არჩეულმა პრეზიდენტმა თავადვე შექმნა ასეთი დიდი მოლოდინები.
სოფო მაქაცარია