მთავარიაზიაისრაელი„რკინის სხივი” — ისრაელი საჰაერო თავდაცვის სისტემას აძლიერებს

„რკინის სხივი” — ისრაელი საჰაერო თავდაცვის სისტემას აძლიერებს

2 ოქტომბერს ირანმა რამდენიმეთვიანი მუქარა აასრულა და ისრაელის მიმართულებით მასირებული სარაკეტო იერიში წამოიწყო. მაშინ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და ასევე რეგიონში მყოფმა ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა სამიზნეების დიდი რაოდენობა გაანადგურეს. თუმცა ისრაელის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზაზე დაახლოებით 30 ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტა მაინც ჩამოვარდა.

ამ კონფლიქტიდან ერთი თვის შემდეგ კი ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და საზოგადოებას ახალი ეპოქის შესახებ ამცნო.

„ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება. გამოიყო დაახლოებით 2 მილიარდი შეკელი იმისთვის, რომ ქვეყანამ აწარმოოს და დანერგოს საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის სხივი””, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ზე.

რა არის „რკინის სხივი”? „მაღალი სიმძლავრის ლაზერული სისტემა დაუცველ ადგილებზე ზემოქმედებით აზიანებს სამიზნის ქობინს ან ძრავას, შემდეგ კი შლის და ანადგურებს. „რკინის სხივი“ მკვეთრად განსხვავდება ისრაელის თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სხვა სისტემებისგან. მაგალითად, „რკინის გუმბათთან“ შედარებით, ლაზერული დაცვა უფრო იაფია, სწრაფი და ეფექტიანი”, – ამბობენ ისრაელელი ექსპერტები.

მაშინ, როდესაც რკინის გუმბათის თითო რაკეტა დაახლოებით 50 000 დოლარის ღირებულებისაა, „რკინის სხივის“ მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, რომ ამ ლაზერული იარაღით სამიზნის განადგურება ძალიან იაფია. 2022 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტიც ამბობდა,  რომ ერთი სამიზნის ჩამოგდება სულ რაღაც 2 დოლარი ჯდებოდა.

ექსპერტების აზრით, ლაზერული სისტემა ყველაზე ეფექტიანად მოქმედებს დრონებზე, რომელთა განადგურება „რკინის გუმბათს“ უჭირს. ისრაელელი ექსპერტების თქმით,  „რკინის გუმბათი“ მოდიფიცირებულია ძირითადად სარაკეტო სამიზნეებისა და არა დრონების ჩამოყრაზე.

ის ქვეყნები, რომლებიც ლაზერული შეიარაღების შექმნასა და მოდერნიზებაზე დიდი ხანია მუშაობენ, დიდ თანხასაც ხარჯავენ.  აშშ-ის საზღვაო ძალებმა არაერთხელ გამოცადეს მაღალი ენერგიის ლაზერული შეიარაღება,  რომელსაც  საშუალო სიმაღლეზე მყოფი სამიზნის ჰაერში განადგურება შეუძლია.  მსგავს შეიარაღებაზე მუშაობს დიდი ბრიტანეთი, ასეთ იარაღს ოფიციალურმა ლონდონმა „დრაკონის ცეცხლი“ უწოდა. აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით  კი, სატელიტების გამანადგურებელ ლაზერულ იარაღზე მუშაობენ რუსეთი და ჩინეთიც.

როგორც ისრაელში აცხადებენ, კომპანიები „ელბიტ სისტემსი“ (Elbit Systems) და „რაფაელი“ (Rafael Advanced Defense Systems) ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გადაიარაღებას. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება, როგორ შეცვლის თანამედროვე ტექნოლოგიები საბრძოლო მოქმედებების ხასიათს, რადგან სუსტი მხარე ამ ლაზერულ იარაღსაც აქვს, მაგალითად, რთული კლიმატური პირობების დროს ძნელია ამ სისტემებით მუშაობა.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend