მთავარისპორტიფორმულა 1-ის ბრაზილიის შეჯიბრი მაქს ვერსტაპენმა მოიგო

ფორმულა 1-ის ბრაზილიის შეჯიბრი მაქს ვერსტაპენმა მოიგო

ფორმულა 1-ის ბრაზილიური თავგადასავალი ადრენალინით და ექსტრიმით აღსავსე აღმოჩნდა. სან-პაოლოს გრან-პრის ძალიან ძლიერი წვიმა დაემთხვა, რამაც შეჯიბრი უფრო ქაოსური და სანახაობრივი გახადა. ტრასაზე რამდენჯერმე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა.

ტურნირის გამარჯვებული რედ ბულის გუნდის მრბოლელი, მაქს ვერსტაპენი გახდა, რომელმაც შეჯიბრი მე-17 პოზიციიდან დაიწყო.

„რა თქმა უნდა, კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. თუმცა, ვცდილობდით, რომ რბოლის მიმდინარეობისას ეს ყველაფერი მოტივაციად გამოგვეყენებინა და მოწინავე ადგილებზე დავბრუნებულიყავით. მშვიდად მივყევით პროცესს და საბოლოო ჯამში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ შეჯიბრს მე-17 ადგილიდან პირველ ადგილზე დავასრულებდი“,-ამბობს მაქს ვერსტაპენი, ბრაზილიის გრან-პრის გამარჯვებული

ნიდერლანდელმა ფორმულა 1-ის პილოტმა ასევე ჩაატარა რბოლის ყველაზე სწრაფი წრე, რამაც მას დამატებითი ქულა მისცა. ეს ფერსტაპენის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება იყო და დიდი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტულისკენ. ამ გამარჯვებით, ვერსტაპენმა საერთო ჩათვლაში 393 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. ის თავის უახლოეს მდევარს ლანდო ნორისს, 62 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ 71 წრისა და გავლილი 4309 კილომეტრის შემდგომ, პოდიუმზე ფრანგული გუნდის, „ალპინის“ ორი პილოტი ავიდა, რაც ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი გუნდისგან ძალიან მოულოდნელი იყო. მეორე ადგილი ესტებან ოკონმა დაიკავა და 18 ქულა დაიმსახურა, ხოლო მესამეზე პიერ გასლი გავიდა, მან 15 ქულა მიიღო.

„ძალიან რთული ტურნირი გამოვიდა, თუმცა არ დავნებდით და ერთად დგომით, საბოლოოდ, ძალიან კარგ შედეგსაც მივაღწიეთ. ტურნირის დასაწყისში არავინ გეტყოდათ, რომ ალპინის გუნდის 2 წევრი ავიდოდა პოდიუმზე. ვამაყობ ჩემი გუნდით“,-ამბობს პიერ გასლი, ბრაზილიის გრან-პრის მე-3 ადგილოსანი

მერსედესის გუნდის მრბოლელმა, ლუის ჰამილტონმა, პატივი მიაგო 30 წლის წინ გარდაცვლილ ლეგენდარულ ბრაზილიელ მრბოლელ აირტონ სენას და სარბოლო ტრასაზე საჩვენებელი წრეები მისი ბოლიდით გაიარა.

„ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან ემოციური იყო. როცა ტრასაზე გამოვედი მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა. სწორედ აქ იგებდა აირტონ სენა თავის რბოლებს, რომელსაც მე აღტაცებით ვუყურებდი. ამ ტრასაზე მისი მანქანით გავლა, ჩემთვის უდიდესი პატივია. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა.“-ამბობს ლუის ჰამილტონი, მერსედესის მრბოლელი

ფორმულა 1-ის მორიგ ეტაპს 22-24 ნოემბერს ლას ვეგასი უმასპინძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend