მთავარიაზიაჩინეთიფინეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ

ფინეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ

გუშინ, 29 ოქტომბერს, პეკინში ფინეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ალექსანდრ სტუბი და სი ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს. სამსაათიან შეხვედრაზე მათ იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ორი ლიდერი ერთმანეთს ბოლოს 14 წლის წინ შეხვდა, როდესაც ალექსანდრ სტუბი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სი ძინპინი კი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი.

შეხვედრის შემდეგ ფინეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა, თუმცა პეკინის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, ქვეყნის ლიდერებმა საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.

„მე მზად ვარ, ვიმუშაო თქვენთან ერთად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განსამტკიცებლად, ჩვენი ტრადიციული მეგობრობის გასაგრძელებლად და შემდგომი პროგრესისთვის მომავალი თანამშრომლობის ახალი მოდელის შესაქმნელად“, – ამბობს სი ძინპინი.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრობს, პეკინი, ჩინეთი, 29 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright Kazuki Kozaki, Pool Photo via AP

ალექსანდრ სტუბმა განსაკურთებული ყურადღება დაუთმო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების პროცესში პეკინის ჩართულობის მნიშვნელობას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას რუსეთისთვის ომში  გაწეული დახმარებისთვის აკრიტიკებენ. აშშ-ის ადმინისტრაციამ ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის გამაძლიერებელი უწოდა. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი კრემლს უზრუნველყოფს იმ ხელსაწყოებით, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის რაკეტების, ბომბებისა და თვითმფრინავების ასაწყობად იყენებს.

„ჩინეთის რუსეთთან თანამშრომლობას, მე პატივს ვცემ ორივე მხარის ავტონომიას, პირდაპირი ეფექტი აქვს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ასე რომ, თუ ვნახავთ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, შედეგი ერთნაირი იქნება  ყველასთვის, ვინც პირდაპირ ან ირიბად უჭერს მხარს რუსეთს“, – ამბობს ალექსანდრ სტუბი.

ფინეთი უკრაინის აქტიური სამხედრო და ფინანსური მხარდამჭერია. აგრეთვე, გასულ წელს ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა გახდა.

ალექსანდრ სტუბის თქმით, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნა სამხედრო კონფლიქტს ამწვავებს და ომთან დაკავშირებით პეკინის პოზიციას ეწინააღმდეგება.

„ჩრდილოეთ კორეის აქტივობა, რომელიც სამხედრო ტექნიკის ექსპორტსა და განსაკუთრებით, ჩინეთში ჯარისკაცების გაგზავნას გულისხმობს, სამხედრო კონფლიქტის გამწვავებასა და გაფართოებას უწყობს ხელს. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა დისკუსია. ჩემი პირადი, არა სი ძინპინის, აზრი ისაა, რომ ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ამ მომენტში არ არის კომფორტული, შესაძლოა, ეს კონფლიქტი ნებისმიერ დროს გამწვავდეს“, – აცხადებს ალექსანდრ სტუბი.

„საბოლოო, მეხუთე პუნქტი, რომელიც მე გამოვყავი, იმის მანიშნებელია, რომ პრეზიდენტ პუტინის ნდობა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბირთვულ იარაღზე ვსაუბრობთ. სწორედ „ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთმა დიდმა ძალამ, როგორიცაა ჩინეთი, განაგრძოს დიალოგი რუსეთთან, რათა მეტ-ნაკლებად შეძლონ ვითარების დეესკალაცია“, – ამბობს  ალექსანდრ სტუბი.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მზადყოფნა გამოთქვა, ყველა მხარესთან იმუშაოს, რათა სამხედრო კონფლიქტის არეალი არ გაფართოვდეს და ორივე მხარე მშვიდობაზე შეთანხმდეს.

ალექსანდრ სტუბმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე აღნიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ მკაცრ პოზიციას შეინარჩუნებდა, აშშ-სთან უსაფრთხოების საკითხში თანამშრომლობას გააძლიერებდა, უკრაინას კი დაეხმარებოდა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ დონეზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend