უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნების წინ, მთელ ევროკავშირში, დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით გააქტიურდა სოციალური მედიის ის ანგარიშები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ფრანგ და გერმანელ ულტრამემარჯვენეთა პოლიტიკურ კურსს.
ჰოლანდიის სოციალისტურ-დემოკრატიულმა ეროვნულმა დელეგაციამ ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანია Trollrensics-ის ანალიტიკოსებს დაავალა, გამოეკვლიათ პოტენციური დეზინფორმაციული ქსელები, რომლებიც ევროპის არჩევნებამდე უარყოფითად მოქმედებდნენ საზოგადოების შეხედულებებზე.
საკონსულტაციო კომპანიამ გამოძიება ჩაატარა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ნიდერლანდებში.
„დარწმუნებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გერმანიასა და საფრანგეთში სოციალურ მედიაში კოორდინირებულად მოქმედ ანგარიშებს გავლენა ჰქონდათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ევროკავშირის არჩევნებს უკავშირდებოდა – ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშში საუბარია, რომ Trollrensics-მა აღმოაჩინა დეზინფორმაციის ქსელი იტალიაში, თუმცა მას ევროკავშირის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლებად ჰქონდა ზეგავლენა საზოგადოებაზე. ნიდერლანდებში დეზინფორმაციული ქსელები საერთოდ არ გამოვლენილა.
Trollrensics-მა ამ ქვეყნების 500 000 ანგარიშიდან 2,3 მილიონი პოსტი შეისწავლა. გამოძიებით დადგინდა, რომ 50,000 ანგარიშიდან ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გერმანიაში დეზინფორმაციის ქსელი განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული.
დეზინფორმაციული კამპანია ხელს უწყობდა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის პოპულარიზაციას, ასევე ანტილგბტ და ანტივაქცინის თემებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას.
ანგარიშში საუბარია, რომ ამ ქსელს პლატფორმა იქსზე დიდი გავლენა აქვს პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაში გერმანიაში.
ამასთან, ირკვევა, რომ საფრანგეთში უფრო მეტი ანგარიში იყო, ვიდრე გერმანულ ქსელში.
Trollrensics-ის ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსთან, ერიკ ზემურთან დაკავშირებული პოსტების მინიმუმ 20% ქსელში რეგისტრირებული ანგარიშებიდანაა.
დეზინფორმაციული კამპანიის გავლენა პოლიტიკურ დებატებზე პლატფორმა X-ზე იმდენად დიდი იყო, რომ თემების ტენდენციად ქცევა მხოლოდ სოციალური მედიის პოსტებით, კომენტარებითა და მოწონებებით იყო შესაძლებელი.
იტალიური ქსელი ნაკლებად აქტიური იყო, თუმცა მაინც ეწეოდა მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულარიზაციას და თავს ესხმოდა მემარცხენეებს.
Trollrensics-ის განცხადებით, ეს ქსელი უამრავ ძველ ანგარიშს მოიცავს, რომლებიც 2011-იდან 2022 წლამდე შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მას გავლენა იტალიაზე და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებდა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ქსელები სპეციალურად ევროკავშირის არჩევნებზე ზემოქმედებისთვის არ იყო შექმნილი. ბევრი ანგარიში 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა, ზოგიერთი უფრო ძველიც კი იყო.
ბევრი მათგანი რუსეთის სამთავრობო ანგარიშების, ოფიციალური პირებისა და ცნობილი ულტრამემარჯვენეების – დიმიტრი მედვედევის, ტაკერ კარლსონისა და ევა ვლაარდინგერბრუკის გამომწერია.
ანგარიშში საუბარია, რომ გერმანიასა და საფრანგეთში ქსელები წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. ასევე იქმნება უფრო მეტი ანგარიში, რათა დაემატოს ქსელში არსებულ და უკვე მოქმედ ანგარიშებს.
Trollrensics რეკომენდაციას იძლევა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩატარდეს გამოძიება მსგავსი ქსელების გამოვლენის მიზნით. კომპანიაში ფიქრობენ, რომ უნდა დაიხვეწოს TikTok-სა და სხვა სოციალურ პლატფორმებზე პოტენციური დეზინფორმაციული კამპანიების თავიდან აცილების გზები.
ჩვეულებისამებრ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს დეზინფორმაციული ქსელების შესახებ და შეამოწმოს სოციალური მედიის იმ კონტენტის წყარო, რომელსაც გააზიარებს.