26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საარჩევნო გარემო და ხმის მიცემის პროცესი შეაფასეს.
ეუთო-ს კოორდინატორის, პასკალ ალიზარდის განცხადებით, საარჩევნო პროცესი კარგად ორგანიზებული იყო. თუმცა, მისივე თქმით, იყო მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს.
“პოლარიზებული მედია გარემო და ასევე, კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე. ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ, ასევე არსებობდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ მოხდა პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ამ ზედამხედველობის ორგანოსი და იბადებოდა ეჭვები მისი მიუკერძოებლობის თაობაზე”, – განაცხადა ალიზარდმა.
მისივე თქმით, გამოიკვეთა პოლარიზება და გარემო, რომელზეც საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა ახლახან მიღებულ კანონმდებლობლობას.
“კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა კამპანიის რიტორიკა იყო ძალიან დიდი განხეთქილების შემომტანი. განსაკუთრებით იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე, სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. ასევე, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა კენჭისყრის დღეს, ჩნდებოდა ეჭვები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს, ხმა მიეცა დაშინებისა და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე. რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, ჩარჩო ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ხშირი და ბოლოდროინდელი ცვლილებები ნამდვილად ბადებს ეჭვებს ამ კანონმდებლობის ხ პოლიტიკური გამორჩენის მიზნით გამოყენების მიმართ”,- განაცხადა ეუთოს კოორდინატორმა პრესკონფერენციაზე.