მთავარიევროპარუსეთიBRICS-ის ფორმატი - ეკონომიკური ინტერესებიდან გეოპოლიტიკურ მიზნებამდე

BRICS-ის ფორმატი – ეკონომიკური ინტერესებიდან გეოპოლიტიკურ მიზნებამდე

ყაზანში BRICS-ის  სამიტი იწყება. 22 ოქტომბერს ერთ მაგიდას შემოუსხდებიან რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის პირველი პირები და  ასევე ირანის ახალი პრეზიდენტიც…

აბრევიატურა BRICS ხუთი ქვეყნის სახელწოდებების პირველი ასოებისგან შედგება, ესენია: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს ალიანსი სწორედ ამ ქვეყნებმა დააარსეს. თუმცა, BRICS-ის ფორმატმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და დასავლური სანქციების ფონზე უფრო მეტად გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ახლა რუსეთს სურს მსოფლიოს აჩვენოს, რომ   დასავლეთის მიერ მისი იზოლაციის მცდელობა წარუმატებელი იყო და „მერე რა“, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. ანალიტიკოსების ვერსიით, სწორედ  ამ გზავნილის,  „მერე რას“ წინ წამოწევა იყო  2024 წლის სექტემბრის დასაწყისში პუტინის მონღოლეთში ჩასვლის რეალური მიზეზიც.

მსოფლიო ლიდერები BRICS-ის სამიტზე, ჩინეთი. 2017 წელი Wu Hong/Pool Photo via AP, File

კარნეგის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის განყოფილებების დირექტორის ალექსანდრ გუბაევის თქმით, BRICS-ის ფორმატი ქვეყნებს იმდენ ვალდებულებას არ აკისრებს, რამდენ პერსპექტივასაც უჩენს მათ.

„BRICS-ის მთელი ხიბლი ის არის, რომ ეს კავშირი არავის აკისრებს განსაკუთრებულ ვალდებულებებს. სინამდვილეში BRICS-ის წევრობისთვის დიდი ძალისხმევაც არ არის საჭირო. თუმცა, ამავდროულად, ის აჩენს საინტერესო შესაძლებლობებს, მათ შორის  პლატფორმას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ერთმანეთთან საკონტაქტოდ“, – აცხადებს ალექსანდრ გუბაევი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ BRICS გაფართოვდა. ალიანსს, რომლის მთავარი მიზანიც დასავლური დომინაციის საპირწონე ერთობის წარმოჩენაა, შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.  ცოტა ხნის წინ უკვე აზერბაიჯანმა და ნატოს წევრმა თურქეთმაც გამოთქვეს ამ ალიანსში გაწევრიანების სურვილი და ოფიციალური განაცხადიც გააკეთეს. წლევანდელ სამიტზე ქვეყნების ინტერესები ასეთია: რუსეთს სურს ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება და ორმაგი დანიშნულებისა და სამხედრო საქონელთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმების მიღწევა.  ასევე  რუსეთის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩართოს SWIFT-ის ალტერნატივად მიჩნეულ ახალი გადახდის სისტემაში.  მოსკოვი და თეირანი აპირებენ, გააფორმონ „ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ხელშეკრულება“,  რომლის დეტალებზეც კრემლი საჯაროდ ჯერჯერობით არ საუბრობს. ირანი უკრაინასთან ომში უკვე ეხმარება რუსეთს და აწვდის დრონებს, სამაგიეროდ კი ელოდება რუსულ  შორ მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ავიაგამანადგურებლებს. ამით სურს, ახლო აღმოსავლეთში ომის გამწვავების შემთხვევაში ისრაელს ძალა უჩვენოს. ინდოეთთან რუსეთს უფრო მეტად სავაჭრო ინტერესები აქვს, თუმცა დელის BRICS-ის  ფორმატში უფრო მეტად განსხვავებული ტაქტიკა აქვს.

ტერეზა ფელონი, „რუსეთის, ევროპისა და  აზიის კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი აცხადებს: „არის ორი მოთამაშე, რომლებიც  ცდილობენ, ამ ალიანსის პოლიტიკა იმგვარად შეატრიალონ, რომ არ გამოჩნდეს ისე, თითქოს ისინი არიან ჩინეთის ორბიტაზე. ეს ქვეყნებია ბრაზილია და ინდოეთი. შეძლებენ თუ არა ისინი ამას, მალე გამოჩნდება“, – აცხადებს ტერეზა ფელონი.

რუსეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ეს სამიტი მოსკოვისთვის დიდი გამარჯვებაა. პუტინის  თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა თქვა, რომ 32-მა ქვეყანამ დაადასტურა სამიტში მონაწილეობა, ხოლო 24 სახელმწიფო უშუალოდ ლიდერის დონეზე იქნება წარმოდგენილი. მეტიც, მისი აზრით, შესაძლოა ეს იყოს ყველაზე დიდი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ოდესმე ჩატარებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend