მთავარისაქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მქონე 3 113 747 ამომრჩეველი 26 ოქტომბერს კენჭისყრის პროცესში მიიღებს...

საქართველოს მოქალაქეობის მქონე 3 113 747 ამომრჩეველი 26 ოქტომბერს კენჭისყრის პროცესში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია. 8 დღეში საზოგადოებამ სასურველი პოლიტიკური სუბიექტი ან კოალიცია ბიულეტენზე უნდა გააფერადოს, ამისთვის კი თავდაპირველად გადაამოწმოს, რა მისამართზე მდებარეობს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დასრულდა – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს საბოლოო მონაცემები, რამდენ უბანზე და რა რაოდენობის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრის პროცესში.

26 ოქტომბერს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯამში 3 044 საარჩევნო უბანი იმოქმედებს, საიდანაც 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. აქედან 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 – ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 3 მილიონ 113 ათას 747-ია, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილ 67 საარჩევნო უბანზე დააფიქსირებენ საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს. არჩევანის დაფიქსირებას 2024 წელს პირველად შეძლებს 135 922 ახალგაზრდა.

„არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277 -ჯერ. მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი აუცილებელი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტია.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით კი, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც ერთ მათგანს არ ფლობს. კანონმდებლობის თანახმად, ID ბარათის აღება სავალდებულოა 14 წელს მიღწეული ყველა მოქალაქისთვის, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მოწმობის აღება მეურვის თანხლებით 14 წელს მიუღწეველ პირსაც შეუძლია. თუკი მოქალაქეს არანაირი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ის ვერც კენჭისყრის პროცესში მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად, სულ მცირე, 199 109 მოქალაქე 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშება.

პირადობის მოწმობების საკითხზე ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურებულია საუბრები პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიცია მმართველ გუნდს საჯარო სამსახურებში დასაქმებულთათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მიზანმიმართულ ჩამორთმევაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამ გზით ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება სურს.

პირადი დოკუმენტების შესაძლო ჩამორთმევის ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებს, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები კი დარღვევებზე საუბრებს, ფაქტებისა და მტკიცებულებებისგან დაცლილს უწოდებენ, ხოლო არჩევნების გაყალბების მცდელობებს გამორიცხავენ.

„უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას, მანდატის ფარგლებში, დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა. მსგავს შემთხვევებში გთხოვთ მოგვმართოთ აპარატის ცხელ ხაზზე – 1481”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მიმართვას ავრცელებს 3 არასამთავრობო ორგანიზაციაც – „საია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“:

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები”), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო („საერთაშორისო გამჭვირვალობა”) შეშფოთებას გამოთქვამენ წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში ბოლო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩეველთა ნაწილს/საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებულ პირებს (ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებული გარკვეული პირები მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს) სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მათთვის გადაცემას.

არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ხოლო იმავე კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დასახელებული ფაქტები ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს. ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა, დამუშავება და გადაცემა. ამასთან, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით”, – ნათქვამია სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

2024 წლის წინასაარჩევნო პროცესს, გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, თუმცა თითოეული მათგანი არსებულ სისტემურ დარღვევებზე მაინც მიუთითებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პოლიტიკურ პარტიასაც და ოპოზიციასაც, მშვიდ ვითარებაში, დისკრიმინაციული და პროვოკაციული ქმედებების გარეშე წარმართონ წინასაარჩევნო კამპანია.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კი პოლიტიკის სფეროში ჩართული თუ მის მიღმა არსებული პირები ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტად ასახელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend