მთავარიევროპაუკრაინაბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართა

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართა

ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღე დასრულდა მნიშვნელოვანი შედეგებით, თუმცა შეხვედრების მთავარ კითხვას პასუხი არ გასცემია, როგორ დაეხმარება ევროკავშირი და NATO უკრაინას „გამარჯვების გეგმის” შესრულებაში.

სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და შარლ მიშელმა.

მათ აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მუშაობს ყველა იმ დაპირებაზე, რომლებიც დიდი შვიდეულის ფარგლებში უკრაინას მისცა.

მათ შორისაა, $50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება დაზღვეული. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს აქვს გეგმა იმის შესახებაც, თუ რა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ.

„პრეზიდენტი ზელენსკისთვის „გამარჯვების გეგმის“ წარსადგენად და ლიდერებისგან აზრის მოსასმენად კარგი შესაძლებლობა იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური შეჯიბრი ძალიან დიდი გამოწვევაა, მეორე მხრივ, რამდენიმე კვირაში აშშ-ში არჩევნებია. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისადმი ღია და აშკარა მხარდაჭერის გამოხატვა. მათ მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს სასწრაფოა. მათ მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ და ჩვენ ვაპირებთ შესრულებას იმ დაპირებების, რომლებიც G7-ის ფარგლებში რამდენიმე თვის წინ უკრაინას მივეცით. თქვენ იცით, რომ $50 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტზე ვმუშაობთ და ვაპირებთ ჩვენი წილი უკვე გადავცეთ, მოლოდინი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებიც მოგვბაძავენ“, – აცხადებს შარლ მიშელი.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობასაც ითვალისწინებს. როგორც იცით, G7-ის დაპირების ფარგლებში ევროკავშირი 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე მუშაობს. ეს იქნება სესხი, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება დაზღვეული. აგრეთვე, ჩვენ საერთო, საბოლოო მიზანი განვიხილეთ. ჩვენ გვსურს ხანგრძლივი მშვიდობის არსებობას დავუჭიროთ მხარი უკრაინაში, რომელიც მოახერხებს თავისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. პარალელურად, ჩვენ ვამზადებთ გეგმას, თუ რა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება მშვიდობის დამყარების შემდეგ. რა თქმა უნდა, უკრაინას რეკონსტრუქციასა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარს დავუჭერთ“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ პრეზენტაციას ესწრებოდა NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც, რომელთან ერთადაც, მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრისას პრეზიდენტი ზელენსკი მარკ რუტეს „გამარჯვების გეგმის“ საკვანძო პუნქტებზე ესაუბრა. ეს მოიცავდა როგორც შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას, ისე უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე დაუყოვნებლივი მოლაპარაკებების დაწყებას. სწორედ ალიანსში მიწვევაა „გამარჯვების გეგმის” მთავარი პუნქტი, პასუხი კი ალიანსის მხრიდან ამ ეტაპზე ბუნდოვანია. მიუხედავად ამისა, მარკ რუტემ დაადასტურა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება NATO-ს 33-ე ან 34-ე წევრი ქვეყანა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს პრესკონფერენცია, 17 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright NATO

„უკრაინა იმსახურებს ნატოს 33-ე წევრი ქვეყანა გახდეს. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მოხდეს. სწორედ ამიტომაა, ჩვენი „გამარჯვების გეგმის“ საკვანძო პუნქტი NATO-ში გაწევრიანებაზე დაუყოვნებლივი მოლაპარაკებების დაწყება. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი პრინციპების დაცვა და რუსეთის, რომელიც ევროპისთვის უმთავრესი საფრთხეა, წინააღმდეგ მყარად დადგომა. უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტად უფრთხილდება დემოკრატიასა და დემოკრატიულ ღირებულებებს“, – ამბობს ზელენსკი.

მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი განცხადებებისა, სირთულეები ევროკავშირის შიგნით ჯერ კიდევ არსებობს. უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელთა ლიდერებიც ბოლო დროს რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკით განსაკუთრებით გამოირჩევიან, უკრაინის დახმარების პროცესს ართულებენ. უნგრეთმა დაბლოკა გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის სესხის გაცემის პროცესის დაწყება. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა და მისი თქმით, „გამარჯვების გეგმა“ ძალიან საშიშია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართველად 10 000 ჯარისკაცს ამზადებს. მისი თქმით, ფხენიანმა რუსეთში უკვე გაგზავნა ტექნიკური პერსონალი და რამდენიმე ოფიცერი.

„ჩვენი დაზვერვის სამსახურისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ უკრაინაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო პერსონალი და ოფიცრები გაგზავნა. აგრეთვე, ჩრდილოეთ კორეა 10 000 ჯარისკაცს რუსეთის მხარეს ომში ჩასართველად ამზადებს. რა თქმა უნდა, როდესაც ზუსტი ინფორმაცია გვექნება, ყველა კითხვას ვუპასუხებთ, თუმცა ეს უკვე მეორე ქვეყანაა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ომში იბრძოლებს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

სირთულეების ფონზე NATO-ს წევრი ქვეყნები კიევს დამოუკიდებლად უწევენ დახმარებას. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა პრეზიდენტ ზელენსკისთან უსაფრთხოების ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ეს ხელშეკრულება საბერძნეთის უკრაინის რეკონსტრუქციაში მონაწილეობის გარანტიას იძლევა. აგრეთვე, საბერძნეთი აპირებს უკრაინელი პილოტებისთვის წვრთნების ჩატარება უზრუნველყოს. უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და დანიის ლიდერებმაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend